ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მუნიციპალური ორგანოების არჩევნებში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებიდან ოპოზიციამ მხოლოდ 1 -ში გაიმარჯვა, დანარჩენ 19-ში ხმათა უმრავლესობა “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა. შედეგები მალევე გააპროტესტა ოპოზიციამ, სხვადასხვა ტიპის ხელშეშლაზე საუბრობენ დამკვირვებელი ორგანიზაციებიც. საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა ამერიკის საელჩომ.
სავარაუდო მოსყიდვა, ამომრჩევლებზე ზეწოლა, ძალადობა, 100 მეტრის დისტანციის დარღვევა აგიტაციისას, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების მიმართ საქმიანობაში ხელის შეშლა – ამ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას.
არჩევნების მეორე ტურს ორგანიზაციიდან 250-მდე დამკვირვებელი და 30 მობილური ჯგუფები აკვირდებოდა. ლევან ნატროშვილი გვეუბნება, რომ მათმა დამკვირვებლებმა 150-მდე დარღვევა გამოავლინეს, რომელთაგან 23-ზე საჩივარი დაწერეს.