ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია თოვლისგან ქუჩების გასაწმენდი მომსახურეობისთვის ტენდერს 40 000 ლარამდე თანხაზე აცხადებს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა განთავსებული. სატენდერო დოკუმენტის თანახმად, შერჩეული კომპანია იღებს ვალდებულებას ადიგენის, აბასთუმნის და მუნიციპალიტეტის სოფლების გზები მიმდინარე წლის 30 აპრილამდე თოვლის, ნამქერისა და ყინულის საფარისგან წმინდოს.
ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძეს თქმით, იმავე დანიშნულებით მათ დეკემბრის თვეში ჰქონდათ გამოცხადებული ტენდერი, 50 000 ლარზე. გვეუბნება, რომ ტენდერი გათვლილი იყო მთელ წელზე, თუმცა დიდთოვლობის გამო კომპანიამ ვალდებულებით აღებული 500 კილომეტრი უკვე გაწმინდა და იძულებული გახდნენ ტენდერი ხელახლა გამოაცხადებინათ.
“ჩვენ დეკემბრის თვეში გამოვაცხადეთ ტენდერი, რომლის მიხედვითაც კომპანიას 500 კილომეტრი უნდა გაეწმინდა, თუმცა დიდთოვლობის გამო ეს ვალდებულება უკვე ამოწურა და იძულებული ვართ ტენდერი ხელახლა გამოვაცხადოთ,” – გვეუბნება მერი.
დოკუმენტის მიხედვით, განცხადებების მიღება 18-20 იანვრამდე იწარმოებს.