ახალციხეში, რუსთაველის 99-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია. კორპუსი 2020 წლის დეკემბერში აფეთქების შედეგად დაზიანდა. კორპუსში მცხოვრებლები შიშობენ, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნება კიდევ გადავადდება.
ადგილობრივების მომართვის შემდეგ ჩვენ აღნიშნული ინფორმაცია იმ კომპანიასთან გადავამოწმეთ, რომელიც კორპუსის გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებს. “ნიუ პროჯექტში” გვეუბნებიან, რომ მათ სარეაბილიტაციოდ შესაბამისი მასალები აქვთ ჩამოსატანი, რის გამოც სამუშაოები შეჩერებულია, ხოლო პროცესი დაახლოებით 1 კვირაში განახლდება.
მათივე თქმით, სამუშაოების პირველი ეტაპი, გაწმენდა დასუფთავება უკვე დასრულებულია.
შეგახსენებთ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, კორპუსში აფეთქება, კორპუსს გარეთ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
ახალციხის მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი ერთი წლის შემდეგ სამჯერ გამოაცხადა. კომპანია “ნიუ პროჯექტ”-მა სამუშაოები დაახლოებით ორ თვეში უნდა განახორციელოს.