უკრაინის წარმომადგენლები ბელორუსულ გომელში რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებზე არ იქნებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.
ნიკიფოროვმა დაადასტურა კრემლის განხადებები იმის შესახებ, რომ გომელი მართლაც განიხილებოდა, როგორც მხარეთა შეხვედრის ადგილი. თუმცა, მისი თქმით, ბოლო მომენტში რუსულმა მხარემ მოითხოვა, რომ უკრაინის არმიას ჯერ იარაღი დაეყარა. ამის საპასუხოდ რუსეთს შესთავაზეს “რუსულ ხომალდს მიჰყოლოდა”.
„ამიტომ, მათი დღევანდელი განცხადებები და გადაწყვეტილებები, მიუხედავად ყველაფრისა, დემონსტრაციულად ჩავიდნენ გომელში, არის მხოლოდ ინფორმაციული ზეწოლა და უკრაინაზე პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა“, – ხაზგასმით აღნიშნა ნიკიფოროვმა.
სპიკერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კიევი მზადაა ნებისმიერ ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოლაპარაკებისთვის. მანამდე ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ბელორუსიის ტერიტორიაზე ჩატარება შეუძლებელია, რადგან ეს ქვეყანა რუსეთსს სამხედრო შეჭრაში ეხმარებოდა.
რუსეთის დელეგაცია, რომელშიც შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები, უკვე ჩავიდა გომელში მოლაპარაკებებისთვის. მას ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. მისივე თქმით, რუსეთის წარმომადგენლები უკრაინისგან შეხვედრაზე დასტურს 27 თებერვლის 15:00 საათამდე დაელოდებიან.
ავტორი: ცოტნე ყურაშვილი