„მეტი ინვესტიცია ტუბერკულოზის დასასრულებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“- ამ სლოგანით აღინიშნება წელს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. საქართველოში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ტუბერკულოზის ყველა ფორმის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია დაფიქსირდა – საშუალოდ 6.6% წელიწადში. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს, ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში, მომსახურება 20 116 ბენეფიციარმა მიიღო. აღნიშნული დაავადება 2021 წელს 1646 ადამიანს დაუდგინდა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. 2020-2021 წლებში ტუბერკულოზის შემთხვევების გამოვლენის მნიშვნელოვანი შემცირება სავარაუდოდ COVID-19 ეპიდემიის გავლენას უკავშირდება,-საუბარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წალკის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს ტუბერკოლოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაში არცერთი მოქალაქე არაა ჩართული. ამის შესახებ წალკის მერიის ჯანდაცვის სამსახურში გვითხრეს. უწყების ცნობით, აღნიშნული პროგრამით, წინა წლებში მუნიციპალიტეტის რამდენიმე მცხოვრები სარგებლობდა.
ტუბერკულოზთან ბრძოლა, საქართველოში, 1921 წლიდან დაიწყო,-აღნიშნულია ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ასევე, ხაზგასმულია, რომ 1995 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს სამ ქალაქში (თბილისი, გორი, რუსთავი) თანამედროვე სტრატეგიის შესაბამისი სამი პილოტირებული პროექტი დაინერგა. ამავე პერიოდში შემუშავდა ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაც.
დღეს აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე და საქართველოში მყოფი ბაქტერიაგამომყოფი (მგბ+) და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები.
ტუბერკულოზის კონტროლის 2019-2022 წლების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, დაავადების საეჭვო შემთხვევათა გამოვლენა, მკურნალობა, კონტაქტში მყოფ პირთა ქიმიოპროფილაქტიკა უფასოა. 24 მარტი ტუბერკულოზის საერთაშორისო დღედ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით გამოცხადდა.
Რა არის ტუბერკულოზი, რა სიმპტომები ახასიათებს მას, როგორია ტუბერკულოზის გავრცელების მსოფლიო სტატისტიკა, სად არის შესაძლებელი ტუბერკულოზზე დიაგნოსტირება სამცხე-ჯავახეთში? – გთავაზობთ ინტერვიუს ჩვენი არქივიდან