ინტენსიური თოვის, ლიპყინულის და ცუდი ხილვადობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე გადაადგილება შიზღუდა ან რეგულაციები დაწესდა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის ფარავნის უღელტეხილის 94-110 კმ-ზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, ხოლო 1-93 კმ-ზე მოძრაობა ეკრძალებათ მისაბმელიან, ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებს. მიზეზი თოვლი და ლიპყინულია.
უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის და ცუდი ხილვადობის გამო გადაადგილება შეფერხებულია ხაშური ახალციხე ვალეს საავტომობილო გზაზე. აღნიშნულ ლოკაციაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. მათივე ცნობით, გზებზე გაწმენდითი და ქვიშა-მარილის მოყრის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.