თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვადასხვა სახის საქონლის, კონკრეტულად იარაღის შეტანის კონტრაბანდულ არხს ქმნის.
თუ ამ ტიპის კონტრაბანდაზე ვლაპარაკობთ, ეს შეუძლებელია ხდებოდეს ხელისუფლების გარეშე. დღეს, ამ სანქციების რეჟიმის პირობებში, ეს ისეთი დანაშაულია, რომელიც უბრალოდ არ გვეპატიება, – ჩვენთან საუბარში აცხადებს თინა ხიდაშელი.
ამავდროულად უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით რუსეთი კონტრაბანდის არხებს ქმნის სანქცირებული პროდუქციისთვის, სრული აბსურდია და მსგავსი განცხადება საქართველისთვის შეურაცხმყოფელია.
მისი თქმით, კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისით, რომ ამ ინფორმაციას ის სამსახური ავრცელებს, რომლის ხელმძღვანელოს მოადგილედაც გია ლორთქიფანიძე დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადების თანახმად რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადიან, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე.
ავტორი: ცოტნე ყურაშვილი