ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაციისთვის, რომელიც მერის განმარტებით გასულ წელს დაზიანდა, 46 ათას ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება. აღნიშნულისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანია, რომელიც სამუშაოების შესრულების ვალდებულებას აიღებს, სკოლა 60 დღის ვადაში უნდა გადახუროს.
მერი, მელქონ მაკარიანი გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 ათას ლარიანი დაფინანსება მიიღო, რომლის ფარგლებშიც შეკეთდება ზემოთაღნიშნული სკოლის სახურავი და ასევე მოეწყობა სოფელ ბარალეთის საჯარო სკოლის ცენტრალური გათბობა (ამის შესახებ ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის).
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სკოლაში 19 მოსწავლე სწავლობს. სკოლაში 9 კლასი ფუნქციონირებს, რომელთაგან III, VI და VIII კლასში მოსწავლეები არ ჰყავთ.