ვტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ის სათიბი და საძოვარი მიწები, რომლებსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ გასხვისდა და მიწების მოხმარებაზე წვდომა შეეზღუდათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ საუბარია 300 ჰექტარის ოდენობის ფართობზე.
სოფელ ყაურმას მკვიდრი ჰამლეტ გუკასიანი ჩვენ რედაქციასთან საუბრისას ირწმუნება, რომ ამ დროისთვის პირუტყვის გასაშვებად და საძოვრად 200 ჰექტარი დარჩათ. რაც, მისივე შეფასებით, ცოტაა, რადგან სოფელი მეცხოველეობით ირჩენს თავს. ჰამლეტ გუკასიანს თავადაც 8 სული საქონელი ჰყავს.
პრობლემის შესახებ იციან ნინოწმინდის მერიაშიც. მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, აღნიშნული მიწები ქონების მართვის სააგენტოს ეკუთვნის და გასხვისების შესაძლებლობაც სწორედ მათ აქვთ. მისივე თქმით, როცა პრობლემით სოფელ ყაურმას მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ, ისინიც აღნიშნულ უწყებაში გადაამისამართა.
“2009 წლიდან ვიცით ამ პრობლემის შესახებ, რამდენიმე დღის წინ მოსული იყვნენ ჩემთან სოფლის მაცხოვრებლები და ისინი ქონების მართვის სააგენტოში გადავამისამართე, რადგან სწორედ მათი საკუთრებაა,” -გვეუბნება მოსოიანი.
ქონების მართვის სააგენტოში გვეუბნებიან, რომ აღნიშნული მიწების შესახებ ინფორმაცია საჯარო წესით უნდა გამოვითხოვოთ. ამ დროისთვის ქონების მართვის სააგენტოს ვებ გვერდზე განთავსებულ აუქციონის კატეგორიაში სოფელ ყაურმაში არსებული მიწის ნაკვეთები არ იძებნება.
სოფლის მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ მიწების გამოყენების უფლებისათვის მასშტაბური პროტესტის გამართვას გეგმავენ.