აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ტელესკოპის შეცვლა იგეგმება, რომლისთვისაც 3 მილიონ ევრომდე თანხაა გათვალისწინებული. ამის შესახებ დღეს, დირექტორმა რევაზ ჯანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ჯერ საჭიროა ძველი ტელესკოპის დემონტაჟი და ახალის ჩანაცვლება, რაც დაახლოებით 20 თვე გაგრძელდება.
დირექტორისვე თქმით, პანდემიის გამო, სამუზეუმო სივრცეში შესვლის და ტელესკოპით ღამის ცის დათვალიერების შეზღუდვა, პირველი მაისიდან მოიხსნა.
აღნიშნულის შესახებ რევაზ ჯანიშვილმა დღეს, სამცხე-ჯავახეთის საჯარო მოხელეებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც დირექტორი აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და მიმდებარედ დაზიანებული ინფრასტრუქტურაა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ობსერვატორიაში 114 პირია დასაქმებული.
აქვე გეტყვით, რომ ობსერვატორია უკვე 2 წელია, რაც დამოუკიდებელ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნდა. ობსერვატორიის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის და მოწყობისთვის, 10 მილიონი ლარია გამოყოფილი.