უკვე მერვე დღეა, რაც ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია. მცირე ნაწილი კი საწარმოში მუშაობას განაგრძობს. პროცესში უკვე მეორე დღეა ჩართულია შრომის ინსპექცია, თუმცა ის კომპანიის წარმომადგენელებს ჯერ არ შეხვედრია.
რაც შეეხება დღეს განვითარებულ მოვლენებს, დილიდან N1 ჩამომსხმელ ქარხანასთან დაპირისპირება მოხდა. გაფიცული თანამშრომლები ქარხნის ეზოდან მიკროავტობუსს გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ, პროცესში სამართალდამცავები ჩაერთნენ, აღნიშნულს კი აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა.
18:30 საათის მონაცემებით, ჩამომსმხელ ქარხნების გაფიცულ თანამშრომლებსა და მედიატორს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
კომპანიაში დღევანდელ მოვლენებს წერილობით გამოეხმაურნენ. განცხადებაში ვკითხულობთ: “კატეგორიულად მიუღებელია პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და ზეწოლა იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც შემოდის ქარხანაში და განაგრძობს მუშაობას.”
აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი, ერთ კვირაში დაიწყება მოლაპარაკებები და კომპანიის აქციების მფლობელი სახელმწიფო გახდება.
შეგახსენებთ, რომ კომპანიის თანამშრომლები 31 მაისს გაიფიცნენ. მათ მოთხოვნებს შორის არის გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა, ძველი შრომითი პირობების დაბრუნება და ხელფასების 25 %-იანი ზრდა.
კომპანიამ ჩამომსხმელი ორი ქარხნის მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც მისი აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელს, რუს ოლიგარქს სანქციები შეეხო.