ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია „ახალციხელობის“ ღონისძიებებისთვის, ტენდერს 28 ათას ლარამდე თანხაზე აცხადებს. ღონისძება 30 ივნისს გაიმართება, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, გაიმართოს სპექტაკლი თეატრალური ზღაპრის გმირების მონაწილეობით, დაიდგას არანაკლებ 6 პირისგან შემდგარი დრამშოუ და გაიმართოს ელექტრონული მუსიკის კონცერტი.
ასევე გამარჯვებულ კომპანიას ევალება მოიწვიოს წამყვანი, დაამზადოს 100 მოსაწვევი, ბანერები, ახალციხის მუნიციპალიტეტის დროშები და სიგელები საპატიო ახალციხელებისთვის. ღონისძიება ახალციხის ე.წ რაბათის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება.
განცხადებების მიღება 18-21 ივნისს იწარმოებს. ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, რომ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტში გვეუბნებიან, რომ გასულ წელს ღონისძიების მცირე მასშტაბების გამო, ტენდერი არ გამოუცხადებიათ. რა თანხა დაიხარჯა წინა წლებში და რომელმა კომპანიამ უზრუნველყო ღონისძიების ორგანიზება, მერიაში გვეუბნებიან, რომ ამისთვის ინფორმაცია საჯარო წესით უნდა გამოვითხოვოთ.
რა პრინციპით შეირჩა ღონისძიებები? ამის გასარკვევად ჩვენ ახალციხის მერიის კულტურის განყოფილების წარმომადგენელთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.