წალკაში, სოფელ დაშბაშის კანიონის ტურისტული კომპლექსი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. კომპლექსი 240 მეტრიან შუშის ხიდს, დაკიდებულ მრავალწახნაგა კაფეს, კოტეჯებს და სასტუმროს მოიცავს. ხიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.
პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, კას ლენდის დირექტორის თქმით, 2022 წლის ბოლოს აღნიშნულ ხიდზე განთავსებული კაფე გინესის წიგნში შევა, როგორც ყველაზე მაღალი რესტორანი.
მისივე თქმით, კომპლექსში იგეგმება რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია, მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური აკვაპარკის და დამატებით 200 ვილის მშენებლობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით კომპლექსმა 250 სამუშაო ადგილი შექმნა. მან ასევე ისაუბრა პროექტის გარემოსდაცვით პრიორიტეტთან თავსებადობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს პრიორიტეტია ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და ეკოტურიზმის განვითარება და მისი შეფასებით ეს პროექტი ამ ორი მიმართულების შერწყმის მაგალითია.
ირაკლი ღარიბაშვილმა, ტერიტორია ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
კომპლექსი ამ დროისთვის მოიცავს დახურულ და ღია ტიპის რესტორანს, 62 კოტეჯს, სასტუმროს, ბაიკ-ლაინს და ატრაქციონებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს, მას ებრაული კომპანია კას ლენდი ახორციელებს. ტერიტორია, რომელზეც ტურისტული კომპლექსი მოეწყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, თუმცა იგი კომპანიას 45 წლით გადაეცა.