ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხის მერია, 2020 წელს, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მეორე ტენდერს აცხადებს. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 200 ლარია და კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების სრულყოფილად დასრულებისათვის საჭირო სქელკედლიანი ორტესებრი კოჭის შეძენისთვისაა გამიზნული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 19 ერთეული ორტესებრი კოჭი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეიძინოს.
რატომ გაჭიანურდა აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაცია
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კორპუსი 2020 წლის 26 დეკემბერს დაზიანდა, სამხარაულის ბიუროს დასკვნის მიხედვით, აფეთქება, სარდაფში დაგროვებულმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. მას შემდეგ ადგილობრივები საკუთარ ბინებში ვეღარ შედიან.
თავდაპირველად მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი 116 ათას ლარამდე თანხაზე გამოაცხადა, თუმცა რამდენჯერმე არ შედგა. საბოლოოდ ტენდერი კომპანია “ნიუ პროჯექტმა” მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიის მიერ პირველად გამოცხადებულ ტენდერში, ხელშეკრულებაში ცვლილება ჯერ 31 მარტს, შემდეგ კიდევ ერთხელ 19 მაისს შევიდა. განახლებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ გაზრდილი თანხით, 126 ათას ლარზე მეტით, გარდა თავდაპირველად ნაკისრი ვალდებულებებისა, სარდაფში უნდა მოაწყოს მონოლითური ჩარჩოები და კოჭები და სარდაფის კედლებზე რკინა-ბეტონის ჯავშნები.