ავტორი: სოფიკო ქარცივაძე
რამდენად ადაპტირებულია დაშბაშის კანიონის კომპლექსი შშმ პირების საჭიროებებზე და ნამდვილად შეეზღუდა თუ არა ხიდზე შესვლა ეტლით მოსარგებლე პირს? კითხვები ჩვენ რედაქციას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანიონის შუშის ხიდზე არ შეუშვეს და მისივე თქმით, განუმარტეს, რომ შშმ პირების ეტლის საბურავები შუშას აზიანებს.
აღნიშნულ პირს ჩვენ მალევე დავუკავშირდით, თუმცა დამატებით საუბარი არ ისურვა.
პოსტში კი ვკითხულობთ:
“თურმე რეზინის ბორბლები აზიანებს მინას არ შემიშვეს… ეს ფოტო არის გადაღებული #KassLand ის ბარიდან სადაც რომ შევედი გამიხარდა ელექტრო ლიფტი დამხვდა, მაგრამ სამწუხაროდ მალევე გამიცრუვდა იმედები არ მუშაობდა მიმტანს რომ ვკითხე რატომ არ მუშაობსთქო დამონტაჟების დროს გაფუჭდაო მერე მენეჯერმა მაგით მომიმადლიერა რომ 5 ბიჭის კუნთების იმედად ჩამიყვანეს და ამომიყვანეს თან ბედნიერმა ჩვენ ყველას ასე ვემსახურებითო ვერ მივხდი ყველა ესე ხელში აყვანილი დაყვდათ თუ რას ნიშნავდა ეგ ვერ მიხვდი.” (პოსტის ავტორის სტილი დაცულია)
რაც შეეხება კომპანიას, “კასს ლენდში” პოსტში აღწერილი ფაქტის ნამდვილობას ადასტურებენ.
ვიდეო განახლებულია
კომპანიის გენერალური მენეჯერი ირმა კალანდაძე გვეუბნება, რომ მსგავს ფაქტს 10 ივლისს ნამდვილად ჰქონდა ადგილი.
“ვცდილობთ, გავარკვიოთ თუ ვინ მიაწოდა ეს ინფორმაცია შშმ პირს და შემდეგ გამოვეხმაურებით ამ საკითხს,”- გვეუბნება ირმა კალანდაძე. ირმა კალანდაძე ასევე ადასტურებს კომპლექსში ლიფტის დაზიანების ფაქტს.
რაც შეეხება კომპლექსის შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებას, გვეუბნება რომ კანიონი სრულიად ადაპტირებულია. ხიდი საერთაშორისო სტანდარტებით არის აშენებული და დაზიანების არავითარი საშიშროება არ არის.