ახალციხის მერია 12 სოფელში გარე განათების მოწყობას გეგმავს – ტენდერი

July 15, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მერია გარე განათების დამონტაჟებას გეგმავს და ტენდერს 4 ეტაპად აცხადებს – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ახალციხის სოფლებში ანში, ელიაწმინდაში, ივლიტაში და ჭვინთაში გარე განათების მოწყობისთვის 80 ათას ლარამდე თანხის დახარჯვა იგეგმება.

60 ათას ლარამდე თანხის დახარჯვა იგეგმება სოფელ ჯულღის და ქალაქ ვალეს გარე განათების მოწყობის სამუშაოებისთვის.

დოკუმენტის მიხედვით, ახალციხის მერია, გარე განათების მოწყობის მიზნით, 76 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს სოფლებისთვის: გურკელი, წინუბანი და წნისი.

ხოლო აწყურში, ტყემლანაში და მუგარეთში გარე განათების მოწყობისთვის ტენდერი 68 ათას ლარამდე თანხაზეა გამოცხადებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოცხადდა, შესაბამისად თანხაც ამ მუხლიდან გამოიყოფა. 

დოკუმენტის მიხედვით, კომპანია, რომელიც აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვალდებულებას აიღებს, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სავარაუდოდ 2 თვეში უნდა შეასრულოს.