ბორჯომში, ამ დროისთვის ხანძრის ჩამქრალი კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის სამმა სპეციალიზებულმა სახანძრო თვითფრინავმაც. მათივე ცნობით, ხეობაში პერიოდულად ისევ ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლის ხანძრის ჩაქრობას.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში ბორჯომში წვიმა მოსალოდნელი არ არის და პირიქით, ტემპერატურის მომატებას ვარაუდობენ.
ხანძრის გამო დაკვამლიანება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საზღვრებს გასცდა და ახალციხის და ადიგენის სოფლებში გავრცელდა. ადგილობრივები შიშობენ, რომ დაკვამლიანებამ შესაძლოა ჯანმრთელობას ავნოს. კლინიკა “იმედის” ექიმი, ქეთევან ჯინჭველაძე ამბობს, რომ დაკვამლიანების დროს საჭიროა ფრთხილად იყვნენ ფილტვის ქრონიკული უკმარისობის და ალერგიის მქონე პირები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი რვა დღის წინ, 19 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის კერები გავრცელდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის: აწყურის და თისელის მიმართულებით. დღეს, თისელის მიმართულებით გზა ჩაკეტეს, შსს სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე ჟურნალისტები არ შეუშვეს. მიზეზად სახანძრო ტექნიკის მუშაობაში ხელშეშლა დაასახელეს.
Არსებოbს თუ არა აღნიშნულ სოფლებში ხანძრის გავრცელების საფრთხე და რა მიზეზით გადაკეტეს გზა? – ახალციხის მერიაში ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდნენ.