ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალშენი-ჩივთკილისის და რეხა-ხანდროს დამაკავშირებელ საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის წალკის მერიამ ტენდერი 11 მილიონამდე ლარზე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ახალშენი-ჩივთკილისის და რეხა-ხანდროს დამაკავშირებელ საავტომობილო გზებზე ასფალტობეტონი მოეწყობა.
სამუშაოებისთვის თანხის ნაწილი რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა,ნაწილი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
წინადადებების მიღება14 სექტემბერს იწყება და 19 სექტემბრამდე იწარმოებს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან , 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა განახორციელოს.
ახალშენი-ჩივთკილისის და რეხა-ხანდროს დამაკავშირებელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის წალკის მერიამ ტენდერი დაახლოებთ 1 თვის წინ,26 400 ლარზე გამოაცხადა, თუმცა ტენდერი არ შედგა.
კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს “ჯეო როუდმა” მიიღო და მერიას სამუშაოებისთვის, იგივე თანხა შესთავაზა, თუმცა ამავე წყაროს მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვა შეწყდა.
გადაწყვეტილება 10 აგვისტოს მიიღეს. გამოქვეყნებულ ოქმში ტენდერის შეწყვეტის მიზეზად შეზღუდული ვადები დასახელდა. ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანიის (შპს) ჯეო როუდის დირექტორმა ვალერი სამხარაძემ გვითხრა, რომ მათი მხრიდან ვადების გამო შეფერხების პრობლემა არ ყოფილა.
მერიაში გვეუბნებიან რომ აღნიშნული სამუშაოებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს. ,,გზამკვლევი 2001”-მა უსასყიდლოდ მოამზადა.
ახალშენი-ჩივთკილისის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის საერთო სიგრძე 7,395 კმ-ია. რეხა-ხანდროს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე კი 3,533 კმ-ს შეადგენს.აღნიშნული საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო მონაკვეთს, კაპიტალური შეკეთება ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია.