რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია საუკუნეებს ითვლის. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან ოკუპანტი ქვეყანა ცდილობდა დეზინფორმაციული ნარატივებით საქართველოში ეთნიკური შუღლი გაეღვივებინა. ასე გაგრძელდა 1921 წლის ოკუპაციის შემდეგაც. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კი, რუსული დეზინფორმაცია და რბილი ძალა განსაკუთრებით საშიშ ფენომენად იქცა.
რუსეთის რბილი ძალის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს ფონდი „რუსული სამყარო“ (Русский Мир) წარმოადგენს, 2007 წელს შექმნილი ორგანიზაცია და ერთ-ერთ მთავარ მიზნად მსოფლიოში რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ისახავს. მიუხედავად იმისა, რომ ფონდი თითქოს ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო ხასიათის მატარებელია ჰიბრიდული ომის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ რუსეთი სწორედ ამ ხერხით ავრცელებს პროპაგანდას და დეზინფორმაციას მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში.
ფონდი და მისი ფესვები მსოფლიოში
ფონდი „რუსული სამყარო” 2007 წლის 21 ივნისს ვლადიმერ პუტინის ბრძანებით დაფუძნდა. მის მმართველობაში რუსეთის მაღალჩინოსნები, ასევე რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან.
ფონდის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მისი შექმნის მიზანი “რუსული ენის, როგორც რუსეთის ეროვნული საგანძურისა და რუსეთისა და მსოფლიო კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტის, პოპულარიზაციაა.”
თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ „რუსკი მირის“ კონცეფცია რუსული ექსპანსიური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.
ამ მიზნის განხორციელებაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაც არის ჩართული.
ფონდი „რუსკი მირი” სხვადასხვა ქვეყანაში რუსული დიასპორის მობილიზებას საგანმანათლებლო თუ კულტურული პროექტების მეშვეობით ახდენს და ამ დიასპორული „საცეცებით“ მეზობელ სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენას ცდილობს,” – ვკითხულობთ მედიის განვითარების ფონდის MDF-ს 2019 წლის ანგარიშში.
“რუსკი მირი” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ხერხით ცდილობს რუსული “იდეის” გავრცელებას, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული, რუსული ენის შემსწავლელი კურსებით თუ სხვა მეთოდებით. “რუსული სამყაროს” ბოლო, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ფონდს 115 ორგანიზაცია, მსოფლიოს 51 ქვეყანაში აქვს გახსნილი, მათ შორის ევროპაში – 52, აზიაში – 24, ამერიკაში – 6, “დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობა “ (СНГ) – 27 და რუსეთში – 6.
ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფონდთან დაკავშირებული 46 სუბიექტი არის რეგისტრირებული.
ფონდის ფესვები საქართველოში
MDF-ის კვლევის თანახმად, ფონდის მსხვილი პარტნიორები საქართველოში არიან შემდეგი ორგანიზაციები:
- საქართველოში რუს თანამშრომელთა საერთაშორისო კავშირი “ოტჩიზნა”
- საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი
- საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირი
- საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი რუსული კლუბი
- ვადიგ გეჯაძის გამომცემლობა
ამასთან ერთად „რუსკი მირთან“ აფილირებულები არიან ინდივიდუალური პირებიც არიან, რომლებიც ძირითადად რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები არის.
ასევე, მითითებულია ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებსაც ერთმანეთთან ინსტიტუციონალური თანამშრომლობა არ აკავშირებთ, თუმცა ფონდის აქტივობებში მონაწილეობა აქვთ მიღებული, მათ შორისაა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც.
უნივერსიტეტის რექტორის, მაკა ბერიძეს თქმით, რამდენიმე წლის წინ, როცა საგანმანათლებლო დაწესებულებაში რუსული ფილოლოგია ისწავლებოდა, ფონდისგან რუსულენოვანი სახელმძღვანელოები მიიღეს.
„არანაირი ხელშეკრულება, არანაირი მემორანდუმი არ არის გაფორმებული უნივერსიტეტთან,“ – გვეუბნება ბერიძე.
მისი განმარტებით ამჟამად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს „რუსულ სამყაროსთან“ კავშირი არ აქვს.
კვლავ აქტიურად მოქმედებს თუ არა ორგანიზაციები და რა პროექტებს ახორციელებენ ისინი საქართველოში? – ამ კითხვაზე პასუხის მოსასმენად ჩვენ რამდენიმე მათგანთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა კითხვის მოსმენის შემდეგ ტელეფონი გაგვითიშეს, ხოლო “ოტჩიზნა”-ს წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ფინანსების არ ქონის გამო მათ უკვე 4 წელია საქმიანობა შეაჩერეს.
რა “სარგებლობა” მოაქვს “რუსკი მირს”
მიუხედავად იმისა, რომ ფონდის გაწერილ მიზნებში მსოფლიოში რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელება არ არის, დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს „რუსული სამყაროს” მთავარი მიზანია.
“ეს არის რუსული რბილი ძალის ინსტრუმენტი,” – გვეუბნება MDF-ს მკვლევარი თინა თვაური, იგი “რუსკი მირის” გაგრძელებად მოიაზრებს, 2022 წელს ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც კრემლი დააკვირდება სხვა ქვეყანაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას.
რისგან შედგება “რუსული სამყარო” და როგორ ავრცელებენ ისინი პროპაგანდას? – ჰიბრიდული ომის მკვლევარი, გიორგი ბუტიკაშვილი გვეუბნება, რომ საქართველოში ამ “იდეის” გავრცელება ძირითადად სამი ფორმით ხდება, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, რომელიც ფონდის პოპულარიზაციას ცდილობს და ეკლესია.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ქართული უკვდავი პოლკის მსვლელობა, “რუსული სამყაროს” პარტნიორი ორგანიზაციების აქცია აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ, “გეორგიევსკის ლენტების” აქცია – ეს აქტივობებიც “რუსულ სამყაროსთან” დაკავშირებულმა სუბიექტებმა უკვე განახორციელეს.
გარდა ე.წ საგანმანათლებლო საქმიანობისა, „რუსკი მირის“ ერთ- ერთი პრიორიტეტი რუსეთის საგარეო პოლიტიკის საექსპერტო დახმარებაც არის. რამდენად აქვს ეს გააზრებული დღევანდელ ხელისუფლებას და რა კეთდება ამ ორგანიზაციების საქმიანობის გასაკონტროლებლად და მისი გავლენების შესამცირებლად? – ამის გასაგებად ჩვენ შესაბამისი უწყებებიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, რომლის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჩართულობა რუსული რბილი ძალის შესაჩერებლად, თუმცა როცა სახელმწიფო ამას არ აკეთებს მაშინ, მნიშვნელოვანია სამოქალაქო ორგანიზაციებმა აქტიურად იმუშავოს, საზოგადოებაში “ფონდის” მიერ გავრცელებული ნარატივების შემცირებაზე.
ფოტო: neweasterneurope.eu
ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889