5 გარდაცვლილი, 5 დაშავებული – რა მოხდა საგარეჯოში

January 20, 2023

საგარეჯოში, 49 წლის კაცმა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გარდაცვლილთა შორის არის უწყების ერთ-ერთი თანამშრომელიც.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა, რომელმაც სამსახური 2021 წელს შეწყვიტა, იგი ასევე მონაწილეობდა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გომელაურის თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ბინაში შესვლისას გასროლის ხმა გაიგეს და ოთახში თავდამსხმელის ცხედარი დახვდათ.

გომელაური ასევე აცხადებს, რომ თავდამსხმელის სახლში იპოვეს ხელყუმბარის რგოლები, რის შემდეგაც ადგილი გამნაღმველებმა დაათვალიერეს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.