2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელთან შედარებით სამჯერ მეტია – კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის მიმართ 14.6% იყო, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3%-ს შეადგენდა.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მონაცემებიდან გამომდინარე, გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა.
“რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. გარდა ამისა, რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც წელსაც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია,” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კვლევაში.