ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა – მუნიციპალიტეტის 46 დასახლებულ პუნქტში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის, 1 530 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.
თანხის ნაწილი, 612 000 სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გამოიყოფა, ხოლო დანარჩენს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაამატებს.
დოკუმენტის მიხედვით, რომელიც საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს, 46 დასახლებული პუნქტიდან 22-ში მოქალაქეებმა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ითხოვეს, 10-ში სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის მოწყობა. ასევე, გარე განათების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა.
ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტს შეუძლია, თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა 200 %-ით გაზარდოს.