ხალქალაქის მუნიციპალური ააიპის დირექტორის, მარტინ გაბრიელიანის, კომპანიამ “მეგობრობა 5”-მა 2019 წლის აგვისტოდან დღემდე, 36 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო და ხელშეკრულებები 1 400 000-მდე ლარზე გააფორმა. აქედან 670 ათასამდე ლარი ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა, – კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.
დოკუმენტის მიხედვით, გაბრიელიანს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობა 2013 წლიდან უკავია. იგი 2013-2014 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მესამე მოადგილე იყო; 2014-2017 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, 2020 წლის პირველი სექტემბერიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სოფელ დილისკაში მერის რწმუნებული, 2021 წლის პირველი აპრილიდან დღემდე კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ააიპ „დახურული საცურაო აუზის“ დირექტორია.
კვლევის მიხედვით, კომპანია ახალქალაქის, ნინოწმინდის ბაღებისგან და სკოლებისგან იღებს შესყიდვებს.
საკუთრივ მარტინ გაბრიელიანი შესყიდვებში პრობლემატურს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ ყველა ტენდერში გამარჯვება კანონის დაცვით მიიღო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლოს შპს „მეგობრობა-5”-ის სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მასსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.