უკვე მეხუთე წელია, რაც სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს, შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში გამარტივებული შესყიდვების გზით გაფორმებული ხელშეკრულებები არ გამოუქვეყნებია, რაც დარღვევაა, – კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებებს ჯამში 20 სახელმწიფო უწყება არ აქვეყნებს. მათ შორის მთავრობის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სხვა.
რა მიზეზით არ გამოაქვეყნეს შესყიდვები პოლიციის დეპარტამენტმა ? – კითხვით შსს-ს დავუკავშირდით, თუმცა მათგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ და გვირჩიეს,რომ წერილობით მიგვემართა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საჭიროა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ და შემსყიდველ ორგანიზაციებმა, მეტი ყურადღება მიაქციონ გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება, რის შედეგადაც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი საჯაროობის სტანდარტების დარღვევა სამართალდარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული.