პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა – გამოხმაურებები

June 23, 2023

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.

რა თქვა პრეზიდენტმა?

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 19 ივნისს უზენაესმა სასამართლომ განსახილველად საკასაციო სარჩელი არ მიიღო.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მისი დისკრეციული უფლებაა – “ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ”. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს.

“ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს. მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი: ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ – „ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება“. ეს არის გადაწყვეტილება პრეზიდენტის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკა გვარამიას შეწყალებას ასევე წინ უძღოდა ევროკომისიის შეფასება – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს შეფასების ნაწილში მედიის პლურალიზმი იყო ის ერთადერთი რეკომენდაცია, რაზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ ჰქონდა პროგრესი.

რა თქვა ნიკა გვარამიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ?

ნიკა გვარამიამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “მთავარი არხში” დირექტორად დაბრუნებას აღარ აპირებს. მისი თქმით – ” მთავარი არხი გადარჩა, მან აჩვენა, რომ ის ჩემ გარეშე თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს. “

“მე გავაკეთებ იმას “მთავარი არხისთვის”, რაც შეიძლება, სხვას არ შეეძლოს არც “მთავარ არხზე”, არც სხვაგან. ეს, პირველ რიგში, ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ “მთავარ არხს” უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლაც ხელმძღვანელობს – ეს გიორგი გაბუნიაა, მისი დირექტორი. მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს, პირველ რიგში, ეს იქნება, რასაც გავაკეთებ”- თქვა ნიკა გვარამიამ.

ასევე ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილს ბოდიში მოუხადა წარსულში ჩაწერილი ვიდეობის გამო, სადაც მას ის ”რუსეთის პრეზიდენტად” მოიხსენიებს.

„მე არ ვაპირებ ჩემს შეცდომაში გაჯიუტებული ვიყო. ვიდეოებში, რომელსაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას, ამის გამო. არც ის უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნა გვარამიამ.

რას ამბობენ საერთაშორისო პარტნიორები? 

“პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საზოგადოების პოლარიზაციისა და გახლეჩის შემცირებისთვის…” – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ნიკა გვარამიას შეწყალებას. 

ამ ფაქტს გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც. 

“რეპორტიორები საზღვრების გარეშე”- წერს, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ელოდა. 


“ნიკა გვარამიას პატიმრობა სამართლიანობის დაცინვა იყო”, – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ნიკა გვარამიას შეწყალებას.

პოლიტიკოსების გამოხმაურება ქართული ოცნებიდან

“დიდი ზეწოლის” შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებად მიაჩნია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტს გადაწყვეტილება. შალვა პაპუაშვილის თქმით, იმედი ჰქონდა რომ პრეზიდენტი “ ღია და არაღია ზეწოლას გაუძლებდა” .

„ჩვენ ვხედავდით, რომ პრეზიდენტზე შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი ზეწოლა იყო და ეს ჩანდა, იყო ღიაც და არა ღიაც. იმედი გვქონდა, პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო.

კითხვაზე, თუ ვისგან იყო პრეზიდენტზე ზეწოლა, პაპუაშვილი პასუხებს „ რეაქციებითაც ვხედავთ, ვინ იყვნენ ის სუბიექტები, რომლებიც პრეზიდენტს მოუწოდებდნენ“.

“რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალებით ევრო რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას, მე არ მგონია, რომ კონკრეტულ შემთხვევასა და შეწყალებას კავშირი ჰქონდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან” – ეს კი იუსტიციის მინისტრის შეფასებაა შეწყალების თაობაზე.

ქართული ოცნების დეპუტატები უარყოფითად აფასებენ პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალებას, მაგალითად დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხალხში უსამართლობის განცდას გააჩენს და “საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე.”

რას ედავებოდა სასამართლო ნიკა გვარამიას?

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

Post navigation