ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
“ღალატი” , “რუსეთისთვის ზურგში დარტყმა” – ასე ეხმაურება ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს.
მან კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.
“ჩვენ ღალატის წინაშე აღმოვჩნდით, გადაჭარბებულმა ამბიციებმა რუსეთის ღალატამდე მიგვიყვანა”, – ამბობს პუტინი ვიდეომიმართვაში.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარს სარაკეტო დარტყმები მიაყენა, რასაც „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
ამის საპასუხოდ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს “ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს”.
მისივე თქმით, როსტოვში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი დაამყარა. ამასთან, როგორც “ბიბისი” იუწყება, მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პრიგოჟინის “მესიჯებს” არასწორ ინფორმაციად აფასებდნენ.
რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, დააწესა თუ არა საქართველომ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სპეციალური კონტროლის ზომები? – შსს-ში გვეუბნებიან, რომ “მოიკითხავენ”