მორიგი უკანონო ნაგავშემკრები ახალციხეში, რეკრეაციულ სივრცესთან

June 27, 2023

ახალციხეში, რუსთაველის 124-ის, ე.წ სამხედრო დასახლების მიმდებარედ მორიგ უკანონო ნაგავშემკრებს შეხვდებით, რომელზეც ძირითადად სამშენებლო ნარჩენები იყრება. როგორც კადრებში ხედავთ, ნარჩენები მცირე გორებადაა, მიმდებარედ წამოზრდილია ბალახი, შეხვდებით გუბურებსაც. ნაგავშემკრები, საბავშვო ატრაქციონების და სკვერის მახლობლად მდებარეობს.

აქვთ თუ არა ინფორმაცია პრობლემის შესახებ და აპირებენ თუ არა და როდის მოგვარებას, – ახალციხის მერიაში საკითხის მოკვლევას დაგვპირდნენ, თუმცა მათგან ინფორმაცია ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

ახალციხის ნარჩენების მართვის 2023-27 წლების გეგმის მიხედვით, მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არ არსებობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი. ასევე, მიუთითებენ, რომ ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მომსახურება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ვერ ხერხდება.

რამდენად შეასრულა ახალციხის მერიამ ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა და რა რეკომენდაციები გაეცა მას არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტისგან” , რომელიც ამ მიმართულებას მონიტორინგს უწევდა – გვესაუბრება ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი.

ეს არ არის ერთადერთი ნაგავშემკრები, რომელიც ახალციხეში მდებარეობს. მოსახლეობა უკვე წლებია ნაგავს ყრის მდინარე ფოცხოვის მიმდებარედ ე.წ ძველ სტომატოლოგიურ კლინიკასთან. ასევე, მებაღიშვილის ქუჩაზე არსებულ ნახევრად აშენებულ და მიტოვებულ სახლში. აღნიშნული სახლი მერიამ ნაგვისგან მას შემდეგ გაასუფთავა, რაც ეთერში ჩვენი სიუჟეტი გავიდა, თუმცა მოგვიანებით მოსახლეობამ ნაგავი კვლავ დაყარა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2018-2022 წლებში, ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის თანახმად, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა ორი სტიქიური ნაგავშემკრები, რომლის გასაუქმებლად მერია 24 500 ლარის დახარჯვას გეგმავდა.

ამავე წყაროს ცნობით, 2021 წელს ახალციხეში, ჭაჭარაქის ნაგავსაყრელზე მუნიციპალიტეტიდან გატანილი იქნა 18 ათას ტონამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენი.