ახალციხე-ხულოს საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულები უკვე მეცხრე დღეა გაფიცული არიან. გვეუბნებიან, რომ კომპანია დღეში 38 ლარს უხდით, სამუშაო საათები კი ბევრად აღემატება კანონმდებლობით გაწერილ სტანდარტს. ამბობენ რომ დღეში ათ საათზე მეტს მუშაობენ. შესაბამისად საათების დაბალანსებას და დღიური ანაზღაურების 50 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.
მშენებლობაზე ერთ-ერთი დასაქმებული, ჯიმშერი მარკოიძე მენეჯმენტის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს. მისი თქმით, ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევის გამო მან პოლიციაში უჩივლა. მარკოიძეს მისივე თქმით სამართალდამცავმა ორგანოებმა დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, ჩანიშნულია სასამართლო პროცესი.
სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ ინფორმაციას ჩვენს რედაქციას კიდევ ერთი წყარო უდასტურებს. ჩვენ ასევე დავუკავშირდით საქართველოს პროკურატურას, რომლიდანაც პასუხის მიღებას ველოდებით.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზებზე სამუშაოებს კომპანია “სინოჰიდრო” აწარმოებს. ის 42 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერით შეარჩია და ხელშეკრულება 2020 წელს, 96 მილიონამდე ლარზე გაუფორმა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვეუბნებიან, რომ ხელფასების ნაწილზე ისინი კომენტარს არ გააკეთებენ და კომპანიას უნდა დავუკავშირებოდით.
აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე ადიგენში მცხოვრები დაახლოებით 20 ადამიანი მუშაობს. მათგან ნაწილი გვეუბნება, რომ გაფიცვის შემდეგ კომპანიიდან დაუკავშირდნენ და ორი ლარის დამატება შესთავაზეს, ანუ 38-ის ნაცვლად 40-ის გადახდა, რაზეც დასაქმებულებისგან უარი მიიღეს.
აპირებს თუ არა კომპანია დასაქმებულთა მოთხოვნების შესრულებას ? კომპანიას – კითხვით კომპანიის წარმომადგენელს დავუკავშირდით. კითხვაზე დღეს პასუხი ვერ მივიღეთ. კომპანიაში თავდაპირველად საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ, შემდგომ კი ჩვენს ზარებს აღარ უპასუხეს.
რაც შეეხება ჩინურ კომპანია “სინოჰიდროს”, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მათი ფილიალი საქართველოში 2010 წელს დარეგისტრირდა, რომლის დირექტორი ჩუნმინგ ვანგია.
აიფაქტის 2020 წლის კვლევის მიხედვით, “სინოჰიდრო” გარემოზე მიყენებული ზიანისთვის 90-ჯერ დაჯარიმდა და საქართველოს გარემოს 2.8 მილიონამდე ლარის ზიანი მიაყენა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალციხე-ხულოს გზის რეაბილიტაცის შემდეგ, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. ამავე წყაროს ცნობით, კომპანიამ სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს..
ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.