უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ახალციხეში, ისტორიული რაბათის დასახლებაში, ახალციხის ციხის მიმდებარედ ქრისტიანული სიმბოლო, ჯვარი აღმართეს. იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნუსხაშია შეტანილი, დავინტერესდით გაიცა თუ არა ჯვრის აღმართვაზე ნებართვა.
ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი საკითხთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს არ პასუხობს. უწყებიდან გამოთხოვილი გვაქვს საჯარო ინფორმაცია.
ასევე, ვცდილობთ დავუკავშირდეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, თუმცა ამაოდ. ჩვენ საჯარო ინფორმაცია ნებართვების გაცემის შესახებ მათგანაც გამოვითხოვეთ.
გადავინაცვლოთ რამდენიმე თვით წინ, 2023 წლის თებერვლის თვეში. ახალციხის სოფელ ორალში მცხოვრებლებმა ეკლესიასთან ჯვარი აღმართეს, თუმცა მალევე მოახსნევინეს, რადგან როგორც მაშინ განმარტეს, ჯვარი უნებართვოდ იყო დადგმული და საჭირო იყო მუნიციპალიტეტის მერიიდან ნებართვის მიცემა.
როგორც მაშინ გავარკვიეთ მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური სიმბოლო-ჯვარი, განთავსებულია ახალციხის მუნციპალიტეტის უმრავლეს სოფელში, რომლისთვისაც მერიას ნებართვა არ გაუცია, ორალის მოსახლეობას ამის გაკეთება მაინც დასჭირდა.
უწყებიდან 2023 წლის 14 თებერვალს მიღებულ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ:
“რელიგიური სიმბოლო – ჯვარი, განთავსებულია ახალციხის მუნციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული ერთეულების უმრავლეს სოფელში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მხრიდან არ განხორციელებულა რაიმე სახის ნებართვის გაცემა.”
ოფიციალური ცნობებით, ორალში მცოხვრებლების მიმართვის შემდეგ, მერიამ მათ ჯვრის აღმართვის ნებართვა მისცა.
“კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის მიხედვით, მას შემდეგ, რაც რაბათის დასახლებას სრულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მოსახლეობას შესაბამისი ნებართვის გარეშე არ შეუძლია საკუთარი სახლის რეაბილიტაცია, დაზიანებული სახლის სახურავის შეკეთება, პარალელურ ქუჩებზე რაიმე სახის სამუშაოების შესრულება.
ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია ახალციხის მერიიდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან , რაბათის ტერიტორიაზე გაცემული მშენებლობა/რეაბილიტაციის ნებართვების შესახებაც.
იმის შესახებ, რომ რაბათის დასახლებაში, მშენებლობის და სახლების რეაბილიტაციის ნებართვები ძნელად ან საერთოდ არ გაიცემა, ისაუბრეს, ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშილის და მოსახლეობას შორის, TOK TV-ს ორგანიზებულ შეხვედრაზეც.
სრული გადაცემა: