აპირებს თუ არა მერია, ახალციხეში საბარგო სადგურის მიმდებარედ, ავტობუსებისთვის ფართის შეძენას და რას წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო თავის კვლევაში, ამას ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ავტობუსების სადგომისთვის 2 600 000 ლარად იმ ფართის ყიდვას აპირებს, რომელიც ერთი წლის წინ შპს „სილქ როუდ ენჯინიარინგმა“ მილიონ ნახევრამდე ლარად, უკონკურენტოდ იყიდა სახელმწიფო შპს-ს შვილობილი კომპანიისგან – ამის შესახებ კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, კომპანია, რომლისაგანაც ახალციხის მერია შენობის შეძენას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორის“ ყოფილ დირექტორს და შესყიდვების ყოფილ მენეჯერს ეკუთვნით, რომლებმაც 18 000 კვადრატული მეტრი ფართობი, ზედ განთავსებული შენობებით, აუქციონზე სახელმწიფო შპს-ს ,,მექანიზატორის” შვილობილი კომპანიისგან, უკონკურენტოდ იყიდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს-ს თანამდებობის პირები 1 129 000 ლარს მოიგებენ.
ჩვენ კვლევაში მოყვანილ პირებთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა ოფიციალურად მითითებულ ტელეფონის ნომერზე არავინ გვპასუხობს.
რაც შეეხება ტერიტორიას, იმის შესახებ, რომ ახალციხის მერია ზემოთაღნიშნულ ტერიტორიას ყიდულობს, 23 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ოფიციალური მონაცემებით, უწყებას ეს ფართი 18 ახალი ავტობუსის ავტოსადგომისთვის სჭირდება.
ახალციხის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა გუშინ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ახალციხის ოფისში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ უკვე არსებული შენობების ყიდვა უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე მისი აშენება.
ახალციხის მერიის ცნობით, ამ კონკრეტული ფართის შეძენის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და განხილვის ეტაპზეა.
ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის, 18 ახალი ავტობუსის შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ხელშეკრულება “ჯი თი გრუპს” უკვე გაუფორმა. დოკუმენტის მიხედვით, თურქული წარმოების თითოეული ავტობუსისთვის კომპანიამ ნახევარ მილიონამდე (478 060) ლარი უნდა გადაიხადოს.
ახალციხის მერმა, 2022 წლის 27 ოქტომბერს, მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ავტობუსები მუნიციპალიტეტში მოძრაობას 2023 წელს დაიწყებდნენ, თუმცა საკრებულოს ბოლო სხდომაზე ამ თარიღმა 2024 წლის მარტამდე გადაიწია, უწყებაში მიზეზებზე არ საუბრობენ.