ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, ერთი გაიტაცეს – ქრონოლოგია და შეფასებები

November 7, 2023

ოკუპანტებმა, სოფელ კირბალთან საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი – გაიტაცეს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შემთხვევის შემდეგ, ერგენეთში, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მხარე, მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას და გატაცებული პირის დაბრუნებას ითხოვს.

არსებული ინფორმაციით, გატაცებული ამჟამად ცხინვალის ციხეში იმყოფება. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ოფიციალური ცნობები არ არსებობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საოკუპაციო ძალების მოქმედებებს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს და მოკლეს დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და ირაკლი კვარაცხელია.

გუშინ პოსტით, ხოლო დღეს ბრიფინგით გამოეხმაურა მომხდარს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, “ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს “ერთმორწმუნე ძმის” ნამდვილ სახეს”.

მანვე ხვალ, 8 ნოემბერს , 20:00 საათზე, ორბელიანის სასახლის წინ აქცია დაანონსა სახელწოდებით “ჩვენი ხმა ევროპას”. ზურაბიშვილი ასევე გაემგზავრა სოფელ კირბალში თამაზ გინტურის სამძიმარზე, – ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

„არ მთავრდება რუსეთის საუკუნოვანი პოლიტიკა. ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება. ამას ქვია რუსეთის „მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ ხვალ შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეფასებები

რა თქვა “ქართულმა ოცნებამ”

“მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ამ ხელისუფლებაზე ხელის გამოშვერა ამ ტრაგედიაზე აბსოლუტურად მცდარია. ეს არის, რა თქმა უნდა, სპეკულაციური დამოკიდებულება ოპოზიციის მხრიდან,“ – განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

“საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და რომელმაც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა,”– წერს თბილისის მერი, კახა კალაძე.

რა თქვა ოპოზიციამ

“საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე, სალოცავებთან მიდის, არ უნდა ეშინოდეს, რომ უკნიდან მოეპარება მტერი და ესვრის, მოკლავს.
მოგვიკლეს და არა – გარდაიცვალა, გაიტაცეს და არა”,
– განაცხადა, “ენმ”-ს ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა.

“არსებობს ტატუნაშვილის, ოთხოზორიას სია და მაშინ, როდესაც ქართული ოცნების ლიდერები საუბრობენ ოკუპაციაზე, როგორც სააკაშვილის მემკვიდრეობაზე და თითს იშვერენ წინა ხელისუფლებაზე ისინი არ აღიარებენ იმ პასუხისმგებლობას რომელიც მოქმედ ხელისუფლებას აქვს,” – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია.

“გუშინდელი ტრაგედია იყო კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, ვისაც რაიმე სხვა აზრები აწუხებს, რომ საქართველოს მტერია რუსეთი, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთს აქვს დაუსრულებელი ომი გაჩაღებული და ეს ომი იწირავს ჩვენს უდანაშაულო მოქალაქეებს,” – განაცხადა “ლელოს” წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა.

რა თქვა სახალხო დამცველმა

“სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ასევე, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს – მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.

ასევე, კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა. ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს,” – წერს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.

რა თქვეს საერთაშორისო პარტნიორებმა

„ჩვენ მოვუწოდებთ მათ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული მოქალაქე. რუსი სამხედროების ყოფნა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა,“ — წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი პლატფორმა X-ზე.

“ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება,” – წერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

“ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას,” – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სრულად დასრულებამ შეიძლება უზრუნველყოს, რომ ასეთი ამაზრზენი ინციდენტი აღარ განმეორდეს,“ — წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.

“რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და რა თქმა უნდა საქართველოში,” – ასე გამოეხმაურა მომხდარს ვროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

„შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული”, – წერს, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მაიკლ კლეიტონი.

ფოტო: რადიო თავისუფლება