საქართველოსთვის მთავარი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია, – ამას IRI-ს გამოკითხულთა 77% ამბობს, ხოლო 9% თვლის, რომ ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორია.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი ევროკავშირია, ამას გამოკითხულთა 51 % თვლის.
აშშ-ს მნიშვნელოვან პარტნიორად 32% მიიჩნევს, აზერბაიჯანს – 19 % და უკრაინას – 17 %.
ჩვენ გვაინტერესებდა გაგვეგო გეოგრაფიული არეალი და ასაკობრივი ჯგუფი მათი, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, თუმცა IRI-ში გვითხრეს, რომ კვლევის შესახებ კომენტარს არცერთ მედიასთან არ აკეთებენ.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს.
ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%.