ადიგენის 53 სოფლის წყლის მიწოდებას ულიცენზიო ა(ა)იპ-ი უზრუნველყოფს – აუდიტი

February 7, 2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის, 53 სოფლის მოსახლეობის წყალმომარაგება ფუნქციურად ევალება იმ ა(აიპ-ს, რომელსაც საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია არ აქვს, – ამის შესახებ საუბარია “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის” დასკვნაში.

დასკვნა აუდიტმა 2 თებერვალს გამოაქვეყნა და მოიცავს მუნიციპალიტეტის 2021-22 წლების სამუშაოების შეფასებას.

როგორც “აუდიტი” წერს, საანგარიშო პერიოდში, მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის რათა ლიცენზია მიეღოთ. 

აუდიტის მიხედვით, იმ 53 სოფელში მცხოვრებ 2 500-ზე მეტ ოჯახს წყალი გრაფიკით მიეწოდებათ (სულ სოფლებში 5 700-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს), ზაფხულის პერიოდში კი მოსახლეობის უმრავლესობა განიცდის წყლის დეფიციტს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, არ ხდება წყლის ლაბორატორიული კვლევა, მეტიც, ა(ა)იპ-ს ამისთვსი საჭირო აღჭურვილობაც კი არ აქვს. 

“ა(ა)იპ-ს არ გააჩნია მიკრობიოლოგიური და ქიმიური გამოკვლევებისათვის საჭირო ლაბორატორია, საფილტრი მოწყობილობები და სხვა საჭირო ტექნიკა; სათავე ნაგებობები/რეზერვუარები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი წყლის გამწმენდი საშუალებებით,” – ნათქვამია დასკვნაში. 

რატომ არ მიმართა ადიგენის მერიამ კომისიას ლიცენზიისთვის, რატომ არ ხდება სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევა და რა პასუხი აქვს უწყებას აუდიტის დასკვნაზე? – ადიგენის მერიიდან პასუხის მიღებას ველოდებით. მასალაც შესაბამისად განახლდება.


აუდიტი ასკვნის:
მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პრობლემები:

  • სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი,
  • მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი მიეწოდება შეფერხებით,
  • მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.