ახალციხეში, კოსტავას 75-ში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება.
სპორტული მოედანი წლებია შეკეთებას საჭიროებს. დაზიანებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ბავშვები ამ მოედანზე მაინც თამაშობენ.
თემაზე ვრცელი სიუჟეტი გასულ კვირას მოვამზადეთ: ახალციხელები საფეხბურთო მოედნების მოწყობას ითხოვენ
მინი სტადიონის რეაბილიტაციისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 200 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით გეგმავენ ღობის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის დემონტაჟს და ახლით ჩანაცვლებას. ასევე, კალათბურთის, ფეხბურთის კარების და ტრიბუნების მოწყობას.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
წინადადებების მიღება 19-22 ივლისს იწარმოებს, სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 4 თვეა.