საქართველოს სპორტსმენებმა მსოფლიო ოლიმპიადაზე წასვლამდე ფიცი დადეს. ღონისძიებაზე ისინი ახალი ფორმებით გამოჩნდნენ, რომელიც მალევე გახდა კრიტიკის და ქილიკის საგანი.
სოციალურ ქსელში, კოსტიუმების დიზაინი დაიწუნეს, გარდა ამისა, ქართველი სპორტსმენების ფორმები რუსი სპორტსმენების ჩაცმულობასაც დაუკავშირეს, რადგან მათ 2012 წელს, მსგავსი დიზაინით ეცვათ.
კოსტიუმების დიზაინი სიმონ მაჩაბელს ეკუთვნის, რომელიც საქართველოში, ინგლისსა და შოტლანდიაში მუშაობს და კოსტიუმების დიზაინის გარდა, თეატრის, კინოსა და ოპერის მხატვრობაზეც მუშაობს.
რა კონცეფციის მიხედვით განისაზღვრა ოლიმპიელთა ჩაცმულობის ეს ფორმები? კითხვებით ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, ელგუჯა ბერიშვილს დავუკავშირდით.
ბერიშვილის თქმით, დიზაინერი ჟიურიმ შეარჩია. იგი 4 წლის წინ, წინა ოლიმპიადის დროს შეარჩიეს და იმდროინდელი ფორმების ავტორიცაა.
რაც შეეხება ფორმების რუსულთან მსგავსებას, გვეუბნება, რომ “ეს პოლიტიკური შეფასებაა.”
“ის მომენტი, რომ ხალხი რუსულ ფორმებთან აკავშირებს, ჩემი აზრით და ზედაპირზეც დევს, არის პოლიტიკური ამბებით და დაკავშირებულია არჩევნებთან.
წინა ოლიმპიადის დროს, მოვიწვიეთ სპეციალური ჟიური, რომელთა რჩევით და რეკომენდაციით გადაწყდა რომ ამ საქმეს სათავეში ჩაუდგებოდა სიმონ მაჩაბელი. წინა ოლიმპიადის ფორმებიც მან შეკერა. ჩვენ ვთვლით რომ ძალიან კარგად შესრულდა ეს ყველაფერი,” – გვეუბნება ვიცე-პრეზიდენტი.
ჩვენ ასევე გვაინტერესებდა რა დაუჯდათ ფორმების შეკერვა და რამდენი ხნით არის არჩეული დიზაინერად მაჩაბელი – ვიცე-პრეზიდენტს ტელეფონი გათიშული აქვს. მასთან დაკავშირების შემთხვევაში მასალა განახლდება.
აქვე გეტყვით, რომ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა პარიზში 26 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება. მასში საქართველოდან მონაწილეობას 28 სპორტსმენი მიიღებს.