ანაკლიის პორტის შემდეგ ჩინური კომპანიები შეიძლება საქართველოში კიდევ ერთ სტრატეგიულ ობიექტზე ვნახოთ. ვაზიანის სამოქალაქო აეროპორტის პროექტით დაინტერესების შესახებ ჩინეთის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. ჭოიციენს, რამდენად დაინტერესდებოდა ვაზიანის აეროპორტით ჩინეთი, შეკითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა დაუსვა.
„რა თქმა უნდა, ჩინეთის ინდუსტრიალიზაცია ისეთ დონეზეა, რომ ბევრ ქვეყანას აქვს ინტერესი მასთან თანამშრომლობის. როგორც აღვნიშნე, საქართველოს ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ მრავალი ჩინური კომპანიის ყურადღება მიიპყრო. შესაძლებლობა თუ იქნება, ვიმედოვნებთ, ორ მხარეს შორის ახალი თანამშრომლობაც შედგება ამ პროექტზე. იმედი გვაქვს, შედგება“, – ვკითხულობთ მაუწყებლის ვებ გვერდზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აეროპორტი გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე.
„ ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის 4 მილიონი მგზავრი და ახალი აეროპორტი, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ, გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე,” – განაცხადა პრემიერმა.
ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზა მდებარეობს, აქვეა ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც, რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსეთის უკმაყოფილების საბაბი.
როგორ იქნება შესაძლებელი ერთმანეთს ახლომახლო სამხედრო და სამოქალაქო ობიექტის ყოფნა? – გვესაუბრება ჰიბრიდული ომის მკვლევარი, დავით ძიძიშვილი.