სამცხე-ჯავახეთში გამართული შეხვედრების, სხვადასხვა ღონისძიების დროს ადგილობრივი მედიის არ მიწვევა “ქართული ოცნების” აქტიური პრაქტიკაა. თუმცა ლოკალური მედიის გახსენება აღმოჩნდა, რომ მათთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილსაც უჭირს.
გუშინ, ესტონეთის ელჩი და “იუნისეფის” წარმომადგენლები ახალციხეში, სოფელ წყალთბილას საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ, თუმცა ღონისძიებაზე მხოლოდ რეგიონული მედიების ნაწილი მიიწვიეს და ჩვენი გუნდისათვის, რომელიც მიუკერძოებლობის, სანდოობის და ჟურნალისტური მაღალი სტანდარტის გამო ბალტიის მედიის განვითარების ცენტრის ბოლო დასკვნაში რეგიონულ მედიის ხუთეულშია, თქმა “დაავიწყდათ”.
რატომ არ შეგვატყობინეს ღონისძიების შესახებ? – ესტონეთის საელჩოში გვითხრეს, რომ ღონისძიება “იუნისეფის” ორგანიზებული იყო და შესაბამისად მედიაც ამ უკანასკნელმა მიიწვია.
“იუნისეფში” გუშინ გვითხრეს, რომ “ჩვენი მოწვევა დაავიწყდათ” დღეს კი ორგანიზაციაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ, “იუნისეფის” წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ გუშინ ჩვენს კოლეგასთან გაკეთებული კომენტარის მეტს ვერაფერს გვეტყოდა.


გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი ესტონეთის ელჩთან, მარგე მარდისალუ-კაჰარისთან ერთად “ეწვივნენ წყალთბილას საბავშვო ბაღს ახალციხის მუნიციპალიტეტში, რათა გაეგოთ, როგორ ნერგავდნენ საბავშვო ბაღის მასწავლებლები ბილინგვურ სწავლებას მათ ყოველდღიურ პრაქტიკაში.”
სამცხე-ჯავახეთის, ქვემო-ქართლის და კახეთის რეგიონებში 56 საბავშვო ბაღში დანერგილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პროგრამა.
“იუნისეფი” ერთ-ერთია იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთაგან, რომლებიც არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებულ “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან თანამშრომლობას განაგრძობს. ორგანიზაციამ მოგვწერა: “გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს თანამშრომლობას მთავრობასთან, რათა უზრუნველყოს ყველა ბავშვის კეთილდღეობა საქართველოში,”
ნახეთ მასალა: საერთაშორისო ორგანიზაციები და თანამშრომლობა “ქართულ ოცნებასთან”