სამი წელი სკოლის რეაბილიტაციის მოლოდინში და კვლავ გაურკვეველი მომავალი

October 23, 2025

დღეს, ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ, მათ შორის ჩვენი ინფორმაციით იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და განათლების რესურსცენტრის წარმომადგენლები.

რა გეგმები დაისახა შეხვედრაზე და რა ინიციატივები წარმოადგინა მთავრობამ ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემდგომ შეხვედრიდან გამოსული მშობლების ინტერვიუებიდან გავიგეთ, რადგან მედია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასასურველი “სტუმარია”

ტექსტი:

ნინო ლომიძე ერთ-ერთია იმ მშობელთაგან, რომლის შვილები მეორე საჯარო სკოლაში სწავლობდნენ, სკოლაში, რომელიც 3 წლის წინ რეაბილიტაციის მიზნით დაცალეს, თუმცა ამ დროდმე არც რეაბილიტაცია დაწყებულა და არც კონკრეტული გეგმა არსებობს თუ რა ბედი ელის საგანმანათლებლო დაწესებულებას. 

ნინო ლომიძე დღეს, სხვა მშობლებთან და საჯარო სკოლის მასწავლებლების ნაწილთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე იმყოფებოდა, რომელიც სხვათა მსგასად მედიისთვის დახურული იყო.

როგორც ნინო გვეუბნება, დღეს მათ დაჰპირდნენ, რომ 1 კვირაში ახალციხეში ტექნიკური ჯგუფი ჩამოვა, რომელიც შენობის მდგრადობას შეისწავლის, ჩაუტარებენ ექსპერტიზასაც და დასკვნების შესაბამისად, გაზაფხულზე დაიწყება ან შენობის რეაბილიტაცია ან ნგრევა, ახლის აშენების მიზნით. 

რაც შეეხება ექსპერტიზას. ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხმალაძემ, 22 სექტემბერს, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ სკოლას ექსპერტიზა უკვე ჩატარებული აქვს, რომლის მიხედვითაც შენობები საჭიროებენ კაპიტალურ რეაბილიტაციას, ხოლო საქვაბის და სააქტო დარბაზის შენობები ექვემდებარება დემონტაჟს. 

სჯა ახალციხის N2 სკოლის შესახებ

მშობელი ასევე ამბობს, რომ პროცესი კიდევ 2 წელს გასტანს. მას კი თავის მხრივ ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უთხრეს, გაგონილმა მშობლების ნაწილში უკმაყოფილება და სამწლიანი შეუსრულებელი დაპირებების ფონზე, უნდობლობაც გამოიწვია. 

ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ზაალ გელაშვილი და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ხმალაძე. 

ხმალაძე ის პირია, რომელმაც 23 სექტემბერს, პირველ საჯარო სკოლაში, იმავე შინაარსის შეხვედრიდან, მასწავლებლების და მშობლების მოთხოვნის მიუხედავად, მედია გააძევა, პოლიციის ჩართვის მუქარით. 

“თუ არ გაბრძანდებით, დავურეკავ პოლიციას,” – ხათუნა ხმალაძე TOK2Regions-ის ჟურნალისტებს

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხმალაძის ჩაწერის შესაძლებლობა არ მოგვეცა, ამიტომ მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ტრადიციულად, ჩვენს ზარებს არ უპასუხა და ტელეფონი გაგვითიშა. 

ჩვენ ვესაუბრეთ შეხვედრიდან გამოსულ სკოლის დირექტორსაც. ბელა დიასამიძე ამბობს, რომ ციტატა: “სკოლას რეაბილიტაცია აუცილებლად ჩაუტარდება” ხოლო, შენობის სავარაუდო გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია – ჭორია. 

ბელა დიასამიძე ვერ პასუხობს ჩვენს დამაზუსტებელ შეკითხვას, ცნობილია თუ არა რეაბილიტაციის დაწყების კონკრეტული თარიღები.

მშობლების ნაწილში სკოლის შესაძლო დანგრევის შესახებ ინფორმაციის სანდოობას, მიმდებარედ არსებული ტერიტორიის 1 ლარად გაცემა ზრდის.

ახალციხეში, II სკოლის გვერდით ტერიტორიის 1 ლარად, აღნაგობის უფლებით გადაეცემა იგეგემება – მთავრობის დადგენილება

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ჯამში 17 500-მდე კვ.მ, 1 ლარად 20 ან 40 წლით, აღნაგობის უფლებით გადაეცემა პირს, სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ვის და როდის გადაეცემა ტერიტორია? ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია უცნობია, მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 

ჩვენ გვინდოდა მხარის რწმუნებულის პოზიციაც შემოგვეთავაზებინა, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. არ გვპასუხობენ არც ინფრასტრუქტურის სამინისტროში. 

რა ხდება? – ახალციხის მეორე საჯარო სკოლა, 2023 წელს, რეაბილიტაციის მიზნით დაცალეს. მასწავლებლების თქმით, პროცესი რამდენიმე თვე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უკვე მესამე წელია, მოსწავლეები სხვა სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ.

გაგრძელება იქნება…