“ბაკურიანის განვითარების სააგენტო” და ბორჯომის მერია, წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის მომსახურების მიზნით, შესყიდვებს აფორმებდა “კრისტალ ჯგუფის” კომპლექსში შემავალი კომპანიიდან შპს “ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ –HMG” – თან, – ამის შესახებ ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე, საჯაროდ ხელმისაწვდომია.
კომპანია, საჯარო რეესტრის 2025 წლის 17 მარტის ამონაწერის მიხედვით, 2010 წელს დაფუძნდა და მისი 100 %-იანი წილის მფლობელი, აწ უკვე დაკავებული ბიზნესმენი, ვლადიმერ სტეფანიანია.
ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე, რამდენიმე სახელმწიფო შესყიდვა შევისწავლეთ. ბორჯომის მერია და მისი სსიპი “ბაკურიანის განვითარების სააგენტო” წლების განმავლობაში ყიდულობდა მომსახურებებს სასტუმროდან, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით თვითნებურად და ნებართვის გარეშე იყო აშენებული.
“კრისტალ ჯგუფის” მფლობელის დაკავება და კითხვის ნიშნები, რომელიც საქმეში გამოიკვეთა
“ბაკურიანის განვითარების სააგენტოს” შესყიდვები
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდის მიხედვით, ბოლო თანამშრომლობა მათ შორის რამდენიმე თვის წინ, აგვისტოში შედგა. ოფიციალური ინფორმაციით, 2025 წლის 19 აგვისტოს დაგეგმილი შეხვდრის ფარგლებში, სააგენტომ ზემოხსენებულ სასტუმროსთან გააფორმა გამარტივებული შესყიდვა 308 ლარზე, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთიდან ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლეს.
კიდევ ერთი შესყიდვის მიხედვით, სააგენტომ სტეფანიანის კომპანიიდან 2022- 2023 წლებში, კვებისა და სასტუმროში სტუმრების განთავსებისთვის რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა და ჯამში, პროკურატურის მტკიცებით უნებართვოდ აშენებულ სასტუმროს, 5 000 ლარი გადაუხადა.
ბორჯომის მერია
ბორჯომის მერიამ, 2023 წლის 29 მარტს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, შპს “ჰოტელს მენეჯმენტ გრუპს” “მიღებისა და ოფიციალური სადილის” სანაცვლოდ 4 400-მდე ლარი გადაუხადა.
გარდა ამისა, ბორჯომის მერიას კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული აქვს:
2017 წელს, 700-მდე ლარზე;
2014 წელს, 250-მდე ლარზე
და
2014 წელს, 2 800-მდე ლარზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვები სასტუმროში განთავსებას და კვებით უზრუნველყოფას ეხებოდა.
გუშინ, ბორჯომის მერიაში გვითხრეს, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, მერიას “კრისტალ ჯგუფის” სასტუმროებში არანაირი სახის ღონისძება არ ჩაუტარებია და არც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეულა ხარჯი, თანამშრომლების სასტუმროში განთავსებისთვის.
ჩვენ უწყებიდან დეტალური ინფორმაცია გამოვითხოვეთ თუ რა დაუჯდა ბორჯომის მერიას, ასეთის არსებობის შემთვევაში, ბაკურიანის სასტუმროებში ღონისძიებების ჩატარება და მონაწილეთა განთავსება 2017-25 წლებში. ინფორმაციის მიღების შემთვევაში, მასალა განახლდება.