Part 2: კითხვები და პასუხები HA-HA-ს საქმის სასამართლო სხდომიდან – ახალციხე 

November 26, 2025

ნინო ხაზალაშვილი ამბობს, რომ ნუცა ბუზალაძის შესახებ პოსტზე  „HA-HA“ რეაქცია მას სამსახური დაუჯდა, რასაც ააიპ-ის დირექტორი უარყოფს.

ნუცა ბუზალაძის პოსტის დაHA-HAვებიდან სასამართლომდე — ნინო ხაზალაშვილის საქმე

მონაწილეობენ: 

ნინო ხაზალაშვილი – “სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის” DMO-ს აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი;
დავით მუმლაძე – DMO-ს დირექტორი;
ჯუნა სტეფნაძე – TI-ს იურისტი და ხაზალაშილის ადვოკატი;
ევა იველაშვილი – დავით მუმლაძის წარმომადგენელი;
ლუიზა თოდუა – მოსამართლე.

სხდომა გრძელდება – “ბრძოლა” ნინოს შენარჩუნებისთვის”

სხდომაზე ჯუნა სტეფნაძემ დავით მუმლაძეს ჰკითხა, თუ რა კრიტერიუმით განსაზღვრეს, რომ მხოლოდ ნინო გაეთავისულფებიათ სამსახურიდან, თუკი ორგანიზაციას ფინასნსური კრიზისი ჰქოდნა?

დავით მუმლაძემ არგუმენტად მოიყვანა ორგანიზაციაში გრანტების ნაკლებობა, უფრო სწორად უგრანტობა, რადგან მისივე თქმით, USAID იყო მათი ძირითადი პარტნიორი, რომელიც გაუქმდა.

(აქვე გეტყვით, რომ “ქართულ ოცნებას” არაერთხელ გაუკეთებია კრიტიკული განცხადება USAID-ს მიმართ) 

ევა: – შტატის გაუქმებაზე უკვე იყო პასუხი გაცემული, რაც შეეხება მეორე ნაწილს, სხვასთან რატომ დადო ხელშეკრულება, ამ საქმესთან კავშირი არ აქვს. 

ჯუნა: – გასაგებია თუმცა არ ვეთანხმებით

ევა: – ნუ ეგ თქვენი პოზიციაა.

როგორც სხდომაზე მოპასუხე მხარემ განაცხადა, ხაზალაშვილის ხელფასის ნაწილი გადანაწილდა სხვადასხვა პროექტებზე (გემოფესტი, ვიდეო რგოლის გადაღება, ფოტო მასალის შესყიდვა, ბილიკების მოვლა პატრონობა და ა.შ.), თუმცა კონკრეტულად რომელ პროექტებში რამდენი ლარი გაიცა მოპასუხე მხარე ვერ ასახელებს.

ნინო: – თუ ბილიკები უნდა გაკეთებულიყო ვისი მოვალეობა იყო ეს და რატომ გაუშვეს თანამშრომელი, რომელიც ბილიკებს აკეთებდა? 

ევა: – დავის საგანს სცდება ეს საკითხი. დავის საგანს სცდება. 

ჯუნა სტეფნაძე ამბობს, რომ DMO-დან არაერთი დოკუმენტაცია გამოითხოვეს, რომელიც ამ დრომდე არ მიუღიათ. დავით მუმლაძე მიუთითებს, რომ დავის საგანთან რაც არის კავშირში ყველაფერი მიაწოდეს.

ასევე, სხდომაზე გახდა ცნობილი რომ, ნინო ხაზალაშვილის მოვალეობებს, მისი პოზიციის გაუქმების შემდეგ მისივე ყოფილი დირექტორი, დავით მუმლაძე ასრულებს. 

ჯუნა: – თქვენ რა პროფესიის ხართ?

დავითი: – იურისტი 

ჯუნა: – და გაქვთ შესაბამისი კომპეტენცია? 

დავითი: – კი

ჯუნა: – რითი დასტურდება?

დავითი: – იმ გავლილი ტრენინგებით, რომელიც მაქვს ამ სამსახურში მუშაობის პროცესში. 

დირექტორის კვალიფიციურობის გამორკვევა სასამართლო დარბაზში მხარეებს შორის ყვირილამდე მივიდა.

მოსამართლე: – კამათზე ნუ გადადიხართ.

—– 

ნინო ხაზალაშვილმა იკითხა, გავიდა თუ არა სტრუქტურული ცვლილებების საკითხი საერთო კრებაზე? 

დავითი: – საკითხი შეთანხმებული იყო საერთო კრებაზე, სამეთვალყურეო საბჭოსთანაც და დასტურდება ოქმებით. 

თუმცა მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ განიხილეს თუ არა საკითხი საერთო კრებაზე ეს DMO-დან მიღებული ოქმებით არ დასტურდება. 

მოსამართლე: – რა ფორმით მიიღეთ ეს შეთანხმება? 

დავითი: – სიტყვიერად. 

ევა: – ყველაფერი რაც იყო ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილია საქმის მასალებში. 

საუბარში ერთვება იურისტი, ჯუნა სტეფნაძე: – თქვენ როგორც აღნიშნეთ ორგანიზაციას ჰყავს დამფუძნებლები, მუნიციპალიტეტები და გადაწყვეტილებებს გარკვეულწილად გადიხართ მათთან ერთად. თქვენ როდესაც იღებდით გადაწყვეტილებას, ხომ არ გამოგიყენებიათ რაიმე ბერკეტი/მექანიზმი ან რა იყო თქვენი არგუმენტი დამფუძნებლებთან როცა ნინოს გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეთ? 

– თქვენ, როგორც ხელმძღვანელი, რა გააკეთეთ იმისათვის რომ შეგენარჩუნებინათ დასაქმებული, რომელიც თქვენთან წლების განმავლობაში მუშაობდა? 

დავითი: – ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ორგანიზაციას ჰქონოდა სახსრები, რითიც დამატებით ახალ პროგრამებს და ახალ პროდუქტებს შექმნიდა და ორგანიზაციისთვის და რეგიონისთვის გაკეთდებოდა ბევრი სასარგებლო საქმე.

– მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ნინო ყოფილიყო ჩემთან და მქონოდა მაღალი ბიუჯეტი. 

ჯუნა: – როგორ ფიქრობთ ნინოს შეეძლო შეეთავსებინა მეორე მენეჯერის ფუნქცია, რომელიც თქვენთან არის დასაქმებული? [გულისხმობს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის წარმომადგენელს] 

დავითი: – ვერ განახორციელებდა

ჯუნა: – რის საფუძველზე შეგიძლიათ რომ ეს თქვათ?

დავითი: – ვიცი მისი ადამიანური მონაცემები და მისი შესაძლებლობები, კომუნიკაბელურობა საზოგადოებასთან, პიარის და მარკეტინგული თვალსაზრისით. 

ჯუნა: – რის საფუძველზე? იცით ასე მხოლოდ ზედაპირულად?

დავითი: – ზედაპირულად არ ვიცი 5 წელი ფაქტობრივად ერთად ვცხოვრობდით. ისეთი სამსახურია რომ ყველა აქტივობებს და ღონისძიებებს ერთად ვახორციელებდით. ნინოს მე ზედაპირულად არ ვიცნობ. 

საუბარში ერთვება ნინო: – საზოგადოებასთან ურთიერთობა უჭირდა ნინოს? ბოდიში.

დავითი: – არ გინდა ახლა რა…

ნინო: – “იმიტომ საზოგადოება ნინოს რომ უდგას ხომ? ძაან მიჭირდა იმიტომ, რომ საერთოდ ვერ დაანახა ორგანიზაცია, ვერ წარმოაჩინა … “

წინადადება შეაწყვეტინა და საუბარში ჩაერთო ევა იველაშვილი: – კითხვებზე გადავიდეთ რა. 

კვლავ ნინო: – რამდენით უნდა გაზრდილიყო ბიუჯეტი, რომ ეს შტატი შეგენარჩუნებინათ? 

დავითი: – არ ვიცი 

ნინო: – რატომ არ იცით რამდენი იყო ამ შტატის კალკულაცია?

ევა: – კალკულაცია არ გვაქვს წარმოდგენილი. თუ დაგჭირდებათ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეთ. 

ნინო: – დაახლოვებითაც არ იცით? 

ევა: – არ ვიცით. კალკულაცია არ არის წარმოდგენილი.

ნინო: – ძალიან საინტერესოდ მომზადებულები ხართ წამოსულები …

ევა: – არა რატო… ეს კითხვა… 

მოსამართლე: – ერთი წამით რა, შეწყვიტეთ რა კამათი.

ნინო: – მე გეტყვით 

ევა (ყვირის): – არ გვინდა, ჩვენ თუ შეგეკითხებით მერე თქვი.

მოსამართლე: ერთი წამით. თუ რაიმეს თქმა ან დაზუსტება გინდათ კითხვის ფორმა მივცეთ ამას. თუ ვაჯამებთ ეს საპაექრო სიტყვაში შევაჯამოთ და შევაფასოთ. 

ნინო: – კი ბატონო, გასაგებია. რადგანაც არ იციან თუ რამდენი ლარი იყო საჭირო

საუბარს აწყვეტინებს ევა: – არ იციან არა. არ გვაქვს წარმოდგენილი და საჭიროებას ვერ ვხედავთ. 

ნინო: – რადგანაც არ აქვთ წარმოდგენილი კალკულაცია და საჭიროებას ვერ ხედავენ იმის ცოდნის თუ რამდენი ლარი იყო საჭირო… 

საუბარს კვლავ აწყვეტინებს ევა და ხმამაღლა ამბობს: – მოცემულ საქმეზე!

ნინო აგრძელებს: … ბიუჯეტის გაზრდა, რომ შტატი შენარჩუნებულიყო. მე გეტყვით. ეს იყო 20 130 ლარი. 

ევა: – მოცემულ საქმეზე ჩვენ კალკულაცია არ გვაქვს წარმოდგენილი

ნინო კითხვას აგრძელებს: – რამდენად იყო რთული ეს 6 მუნიციპალიტეტის მერიისთვის, რომ დამატებით ბიუჯეტზე ზევიდან 20 000 ლარი გამოეყოთ?

საუბარს კვლავ აწყვეტინებს ევა: – დირექტორი ვერ გაგცემთ პასუხს. მაშინ ექვსივე მუნიციპალიტეტიდან უნდა იყოს წარმოდგენილი უფლებამოსილი პირი და მას ჰკითხოთ. 

ნინო: – დირექტორმა ახსენა რომ ძალიან იბრძოლა რომ ეს შტატი შეენარჩუნებინა. თუ იბრძოლა რომ შტატი შეენარჩუნებინა, ნუთუ ის კითხვა არ დასვა: 20 130 ლარი ასეთი მნიშვნელოვანია, რომ ვერ მოამატებთ?

მოსამართლე: – ეს რიტორიკული კითხვაა

ნინო: – ფაქტი მაინტერესებს ეს კითხვა თუ დაისვა?

დავითი: – ზუსტად ეგ კითხვა არ დასმულა.

ნინო: – ძალიან კარგად გიბრძოლიათ. დავასრულე. ძალიან კარგი ბრძოლის მეთოდები გაქვთ. 

შემდეგი სასამართლო სხდომა 8 დეკემბერს გაიმართება.

სხდომიდან გამოსულმა დავით მუმლაძემ და მისმა წარმომადგენელმა, ევა იველაშვილმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ მედიის შეკითხვებს არ უპასუხეს.

რა მოხდა?

სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი აიპიდან გათავისუფლებული პირი, ნინო ხაზალაშვილი ამბობს, რომ მომღერალ ნუცა ბუზალაძის შესახებ პოსტის და-HA-HA-ვების გამო გაათავისუფლეს.

პოსტი, ახალციხეში ნუცა ბუზალაძის წინასაახალწლო კონცერტს ეხებოდა, რომელიც მერიას 18 000 ლარი დაუჯდა.

ნინო მიუთითებს, რომ ხელმძღვანელისგან გაფრთხილება მიიღო პოსტებზე რეაქციების გამოხატვის გამო, დასტურად კი საქმეში დასთან მიმოწერა ინახება.

ააიპ “სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის” დირექტორი, დავით მუმლაძე უარყოფს და ამბობს, რომ “აბსურდია”.

ნინო ხაზალაშვილი 2019 წლიდან, ააიპ-ში პროექტების მენეჯერი იყო.
2025 წლის 20 იანვარს, ხელმძღვანელმა უთხრა, რომ აღარ გაუგრძელდებოდა შრომითი ხელშეკრულება.

20 იანვარს უთხრეს, რომ ხელშეკრულება გაუგრძელდებოდა მხოლოდ 1 თვით. 
29 იანვარს სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ გაათავისუფლეს.

რა არის DMO?

ინტერმუნიციპალური ა(ა)იპი “სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია” (DMO) 2019 წელს შეიქმნა. რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID Zrda პროგრამის ინიციატივითა.

ორგანიზაციის მთავარი მიზნებია რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარება — უნიკალური ტურისტული პროდუქტების შექმნით, ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციით, საჯარო-კერძო თანამშრომლობის გაძლიერებით, რეგიონის იმიჯის გაუმჯობესებით, ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავებითა და ადგილობრივი ბიზნესების ხარისხის ზრდის მხარდაჭერით.

წყარო: DMO-ს ვებ გვერდი

რამდენია ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. 11 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ააიპის  ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში კი წარადგინეს, თუმცა მედიისთვის ამის შესახებ არავის უცნობებია. ხოლო, ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.