ტოვებს თუ არა თანამდებობას ახალციხის II საჯარო სკოლის დირექტორი, ბელა დიასამიძე? – როგორც ჩვენ რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო (მასწავლებლები, მოსწავლეების მშობლები) გვეუბნება, დიასამიძე სამი თვეა რაც უხელფასო შვებულებაში იმყოფება. ხოლო, მას შემდეგ რაც იგი სამსახურში დაბრუნდება თანამდებობას დატოვებს.
სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა, ხათუნა გორგოძემ სოციალურ ქსელში ამ საკითხზე საჯარო პოსტიც გამოაქვეყნა.

განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ახალციხის II სკოლის დირექტორი მართლაც იმყოფება შვებულებაში, თუმცა თანამდებობა არ დაუტოვებია.
ეს ის სკოლაა, რომელიც რეაბილიტაციის მიზეზით, 2023 წელს დაცალეს თუმცა, არაერთი დაპირების და პროტესტის მიუხედავად, ამ დრომდე არც რემონტი დაწყებულა და არც შენობის საბოლოო ბედი განსაზღვრულა.
ჩვენ, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დიასამიძესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
ჩვენ რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე, დიასამიძის მოვალეობას მისი მოადგილე (სასწავლო ნაწილი) ქეთევან ტაბატაძე ასრულებს და სკოლის ახალ დირექტორად სწორედ მისი კანდიდატურა განიხილება. დავუკავშირდით ტაბატაძესაც, თუმცა მან კითხვის მოსმენისთანავე ტელეფონი გაგვითიშა და შემდეგ ზარებს აღარ უპასუხა.
ბელა დიასამიძე მეორე საჯარო სკოლის დირექტორად, 2015 წლის I იანვარს დანიშნეს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად და დაგეგმილი ცვლილებების გასაგებად ჩვენ “ქართული ოცნების” დეპუტატ, ანტონ ობოლაშვილსაც დავუკავშირდით, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
ანტონ ობოლაშვილი, სკოლის შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით გამართული აქციების დროს, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობდა.
(უკვე რამდენიმე თვეა სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის დეპუტატი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.)
რაც შეეხება სკოლის რეაბილიტაციას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არაერთი დაპირების და პროტესტის შემდეგ, “მუნიციპალური განვითარების ფონდმა” სკოლის შენობის რეკონსტრუქციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ბაზრის კვლევა უკვე დაიწყო.
სკოლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
მსჯელობა მეორე საჯარო სკოლის შესახებ გრძელდება – ახალციხე
რა იქნება გაშიშვლებულ კედლებს მიღმა? – მგფ ახალციხის II სკოლის კიდევ ერთ ექსპერტიზას აპირებს
200-მდე ხელმოწერა, მეორე სკოლის მოსწავლეების პირველ ცვლაში სწავლის მოთხოვნით – ახალციხე
მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით, ახალციხეში საპროტესტო აქცია გრძელდება
“თუ არ გაბრძანდებით, დავურეკავ პოლიციას,” – ხათუნა ხმალაძე TOK2Regions-ის ჟურნალისტებს