ადიგენის სოფელ არალთან მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული სატვირთოს მძღოლი, ხვიჩა ხარაიშვილი გაამართლეს და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს, – გადაწყვეტილება დღეს, ახალციხის სასამართლოს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მიიღო.
როგორც მოსამართლემ განმარტა, საქმის მასალებით ხარაიშვილის ბრალეულობა არ დასტურდება.
სატვირთოს მძღოლი, გასული წლის 8 სექტემბერს დააკავეს, იმავე დღეს, როდესაც მისი სატვირთო და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად კი მიკროავტობუსში მყოფი ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები როგორც სატვირთოს, ისე მიკროავტობუსის მძღოლის დასჯას ითხოვდნენ. მათივე თქმით, ავარია მიკროავტობუსიის მძღოლმა გამოიწვია, რადგან იგი საპირისპირო ზოლში მოძრაობდა.
საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აპირებს თუ არა პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას? – პროკურორმა, ზურაბ არსენიშვილმა სხდომა ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
რა მოხდა?
2025 წლის 8 სექტემბერს, ადიგენის სოფელ არალთან ახალციხიდან მომავალი მიკროავტობუსი და სოფელ არლიდან მომავალი სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა. ავარიას მიკროავტობუსში მყოფი 15 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ტრანსპორტს “ზარზმის აკადემიის” ფეხბურთელები გადაჰყავდა. გარდაცვლილიც ფეხბურთელი იყო.
ავარიის ფაქტზე დააკავეს სატვირთოს მძღოლი.
ადვოკატი, ნუგზარ სამარჯიშვილი სასამართლო სხდომაზე გამოკითხული ბავშვების ჩვენებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მიკროავტობუსის მძღოლი სწრაფად გადაადგილდებოდა. კიდევ ერთი არასრწულწლოვანის მშობელმა, შვილის მონათხრობზე დაყრდნობით სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ავარიის დროს მძღოლი ტელეფონში იყო და “Tik-Tok”-ს სქროლავდა.
“ავარიის დროს Tik-Tok-ს სქროლავდა და სწრაფად დადიოდა,” – არალთან მომხდარი ავარიის საქმე
მიკროავტობუსის სიჩქარეზე უკვე მეორე მოწმე საუბრობს – არალთან მომხდარი ავარიის საქმე გრძელდება
რას ამბობს პროკურატურა
პროკურატურა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ორი დასკვნის საფუძველზე აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სატვირთომ გამოიწვია და ის, რომ ავარიისას მიკროავტობუსი საპირისპირო ზოლში იმყოფებოდა იმით ხსნიან, რომ “გზაზე დაბრკოლება ჰქონდა.”
ერთ დღეში დაწერილი დასკვნა და დაუდგენელი გარემოებები – არალთან ავარიის საქმე სასამართლოში
ჩვენთან კომენტარში მიკროავტობუსის მძღოლი, ბეჟან ყულიჯანიშვილი თავის ბრალეულობას უარყოფს.
პროკურატურას მოსამართლე, მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 1 თვის ვადა აქვს.
ამავე თემაზე:
პროცედურების დარღვევით მოპოვებული ვიდეო? – არალთან მომხდარი ავარიის საქმე გრძელდება