მარდის ეკლესიიდან სომხური სამოციქულო და მართლმადიდებლური ხატები უცნობმა პირებმა გაიტანეს და ნაგვის ურნასთან დაყარეს
ფაქტზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო
ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარი არ შეუნიშნავთ და ვარაუდობენ, რომ ხატები ეკლესიიდან გვიან ღამით გაიტანეს
ტაძარი, სადაც ინციდენტი მოხდა, წლებია სადავოა და იქ არცერთი კონფესიის წესით ღვთისმსახურება არ ტარდება
ნახეთ სიუჟეტი
მარდის ეკლესიიდან ხატები და საეკლესიო ნივთები გაიტანეს და ნაგვის ურნასთან დაყარეს – ჰაკობ სააკიანი
ტექსტი:
მართლმადიდებლური და სომხური სამოციქულო ეკლესიის ხატები დღეს უკვე მარდის ეკლესიაში დაგხვდებათ, თუმცა ორი დღის წინ, მათი უმეტესობა, ჩვენთვის უცნობმა პირებმა, ეკლესიიდან გაიტანეს და ნაგვის ურნის გვერდით დაყარეს, – ამის შესახებ ინფორმაცია, სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ჰაკობ სააკიანმა მოგვაწოდა.
მომხდარიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე, სსკ-ს 155-ე მუხლით აღძრა, რაც რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. უწყებაში ვერ გვიკონკრეტებენ რა ეტაპზეა გამოძიება, არის თუ არა ვინმე ბრალდებული და გამოიკვეთა თუ არა დანაშაულის მოტივი.
რა იციან მომხდართან დაკავშირებით მარდის ეკლესიის მიმდებარედ მცხოვრბლებმა? მოქალაქეები კამერასთან არ საუბრობენ და პირად საუბრებში გვეუბნებიან, რომ არაფერი შეუნიშნავთ, შესაბამისად ვარაუდობენ რომ ხატები ნაგავის ბუნკერებთან გვიან ღამით დაყარეს.
ჩვენ დავათვალიერეთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაც, თუმცა სამეთვალყურეო ვიდეო დაკვირვების კამერები ვერსად ვნახეთ, შესაბამისად რა მოხდა 10 მაისის ღამეს და ვინ გამოიტანა ნაგავზე ტაძრიდან ხატები ვერც ამ მეთოდით გავარკვიეთ.
სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი, მამა ჰაკობ სააკიანი ჩვენთან საუბრისას ვარაუდობს რომ ამ აქტის ჩამდენს “ორ მოძმე ერს შორის” მტრობის გაღვივება სურს.
რას ფიქრობენ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში ხატების ნაგავზე გადაყრის ფაქტზე. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაცია გაგვეზიარებინა და მოიკითხავდა. ჩვენი რედაქცია მათ პასუხს, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ჩვენს ზარებს არ პასუხობს ახალციხის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, ხოლო, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა გიორგიმ გვითხრა, რომ ინფორმაცია არ აქვს.
მარდის ეკლესია, საიდანაც ხატები ნაგავსაყრელზე გაიტანეს, წლებია სადავოა. შესაბამისად, ტაძარში ათობით წელია, არც მართლმადიდებლური და არც სომხური სამოციქულო ეკლესიის წესით აღვლენილა ლოცვა.