გზა რომელიც წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვსა და გუმბათს აკავშირებს წლებია დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. გრუნტიანი გზა წვიმის დროს კიდევ უფრო მეტად გაუვალი ხდება, ნალექი მონაკვეთს მსუბუქი ავტომობილებისათვის გაუვალს ხდის.
ხაჩკოველები წლებია უშედეგოდ ითხოვენ სოფლამდე მისასვლელი გზის მოწესრიგებას. ჩვენი რედაქცია ასევე წლებია მუშაობს ამ თემაზე. გზის რეაბილიტაციის საკითხი 2023 წელს უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა მდგომარეობა 2026 წლის მაისშიც უცვლელია.
ხაჩკოვში ჩვენი გადამღები ჯგუფი მოსახლეობის თხოვნით ჩავიდა. დაზიანებულ გზაზე გავლა ჩვენი მსუბუქი ავტომობილით ვერ შევძელით, დანიშნულების ადგილამდე მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით შევძელით.

ნორაირ ბალიან ხაჩკოვის მკვიდრი : გზა არ გვაქვს, შეუძლებელია გადაადგილება. არც მანქანა, არც ტრანპორტი. ძალიან რთულია. ყველაზე ცუდი გზა მთელს წალკაში, ჩვენ გვაქვს.

გაბრიელ ჩიდილიანი: თქვენც ნახეთ როგორი გზებია. ჩვენ გზას ვითხოვთ. მადლობა ღმერთს აუქციონს რომ იგებენ კომპანიები წმენდნე გზას. ადამიანები ყიდულობენ კერძო მანქანებს და მალევე ფუჭდება. ეს რაიონის ყველაზე შორეული სოფელია.

სოფელ გუმბათიდან ხაჩკოვმდე დაახლოებით 7 კილომეტრია. ადგილობრივების თქმით, ამ გზის დაფარვას 40 წუთს ანდომებენ, დაზიანებული გზის გამო კი მათთან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესაძენადაც არავინ დადის, არადა ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა.

ვალერი ბალიანის თქმით, მათი პრობლემის შესახებ მუნიციპალიტეტშიც იციან.
ხაჩკოველები ამბობენ, რომ მათ წალკის მუნიციპალიტეტს რამდენჯერმე მიაკითხეს. აიმედებენ და ეუბნებიან რომ გზა იქნება.
რას გეგმავს წალკის მერია? აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს გამოყოფილი ხაჩკოვის გზის რეაბილიტაციისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა?

ამ შეკითხვების დასმა ჩვენ წალკის მერიაში პასუხისმგებელ პირებთან ვცადეთ, მათ შორის დავუკავშირდით წალკის მერს ილია საბაძეს, მივაკითხეთ მუნიპალიტეტის შენობაშიც, ადგილზე მისულებმა ვცადეთ მერის მოადგილეებთან შეხვედრაც, თუმცა, პასუხი ვერავისგან მივიღეთ.
წალკის 2026 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, მუნიციპალური გზების შეკეთებისთვის, მოხრეშვისთვის, რეაბილიტაციისთვის, 6 მილიონ 754 600 ლარია გათვალისწინებული. შედის თუ არა ამ თანხაში ხაჩკოვის გზის მოწესრიგება, დოკუმენტიდან ეს ვერ ირვევა.
ხაჩკოვში მცხოვრებელების ნაწილი, გვიყვება რომ გზის შეკეთების მოთხოვნაზე მერიაში ისინი საგზაო დეპარატმენტისაკენაც გადაუმისამართებიათ.

რამდენად კავშირშია საგაზაო დეპარტამენტი სოფელ ხაჩკოვის გზის შეკეთების საკითხთან, ჩვენ გასარკვევად ამ უწყებას დავუკავშრდით.
საგზაო დეპარტამენტში გვეუბნებიან, რომ წალკის სოფლების იმერა – ბარეთი – თეჯისი – ჩივთქილისა – ხაჩკოვი – გუმბათი – ავრანლოს საავტომობილო გზის: კილომეტრი 7-ის და კილომეტრი 11-ის (კმ7+300 – კმ11+700) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება, თუმცა შედის თუ არა ამ მონაკვეთში სოფელ გუმბათის ხაჩკოვთან დამაკავშირებელი გზა ამას უწყება ვერ გვიზუსტებს. ამ საკითხზე ჩვენი რედაქცია მუშაობას კვლავაც განაგრძობს. ინფორმაციის მიღებისა და დაზუსტების შემთხვევაში დამოუკიდებელ მასალას შემოგთავაზებთ.
წალკის მუნიციპლიტეტის სოფელი ხაჩკოვი ზღვის დონიდან 1860 მეტრზე მდებარეობს. ის ერთ-ერთი მაღალი სოფელია ამ მხარეში. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელში, ბოლო, 2014 წლის აღწერის მიხედვით 554 მოსახლე ცხოვრობს.