პრორუსი ოპოზიციონერი გაგიკ წარუკიანი სასამართლომ 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა – მედია

July 9, 2026

სომხეთში მილიარდერი ბიზნესმენი და პრორუსული ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს. ერევნის სასამართლომ იგი 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

გამოძიება წარუკიანს თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ხელშეწყობას ედავება. ჩხრეკისას მისი სახლიდან 190 ცხოველის ფიტული ამოიღეს, ხოლო ტერიტორიიდან სამი ლომი და ერთი ვეფხვი ზოოპარკში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი ლომი მოგვიანებით დაიღუპა.

წარუკიანის პარტია ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მმართველ პარტია „ერთიან რუსეთთან“ თანამშრომლობდა.

რა დადგინდა გამოძიებით?

გამოძიების ინფორმაციით, წარუკიანს თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ხელშეწყობას ედავებიან. სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს როგორც მის საცხოვრებელ სახლში, ისე ჰოლდინგ Multi Group-ში. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ერთდროულად 70-ზე მეტ მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

ადგილობრივი გამოცემა Hetq-ის ინფორმაციით, ჩხრეკისას წარუკიანის სახლიდან სხვადასხვა ცხოველის 190 ფიტული ამოიღეს. ასევე, ტერიტორიიდან გაიყვანეს სამი ლომი და ერთი ვეფხვი, რომლებიც ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს. ზოოპარკის ცნობით, ერთ-ერთი ლომი დამამშვიდებელი პრეპარატის მიღების შემდეგ ვეღარ გადარჩა. მათივე განმარტებით, ცხოველს ასაკთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ვინ არის და რას საქმიანობს წარუკიანი?

გაგიკ წარუკიანი, რომელსაც საზოგადოება მეტსახელით „დოდი გაგო“-თი იცნობს, სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი და ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერია. ის 2004 წლიდან სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიცაა.

წარუკიანმა Multi Group 1995 წელს დააარსა. ჰოლდინგი ათეულობით კომპანიას აერთიანებს და საქმიანობს ცემენტის, მინერალური წყლების, ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოების, ფარმაცევტული, ტურისტული, სასტუმროების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ავტოიმპორტისა და სხვა სფეროებში. სხვადასხვა შეფასებით, მისი ქონება პიკზე 2,2 მილიარდ დოლარს აღწევდა, რის გამოც ის სომხეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად მიიჩნეოდა.

კავშირები რუსეთთან

წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ წლების განმავლობაში რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ პარტნიორია.

პარტიების წარმომადგენლებმა თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების ოქმსაც მოაწერეს ხელი, ხოლო წარუკიანმა რუსეთს არაერთხელ უწოდა „მრავალწლიანი და საიმედო პარტნიორი“.

წარუკიანი პოლიტიკაში

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წარუკიანი გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა. 2020 წელს მას საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ბოლო წლებში ის ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც პრორუსი პოლიტიკოსი, ხოლო მისი პარტია „აყვავებული სომხეთი“ რუსეთის მმართველ პარტია „ერთიან რუსეთთან“ თანამშრომლობდა.

გაგიკ წარუკიანი სომხეთში 2026 წლის არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას. მისმა პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 4%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.