წალკის სოფელ დაშბაშისა და იმერას სკოლაში ამ ეტაპზე პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა – ინფორმაცია წალკის რესურსცენტრის მონაცემებს ეყრდნობა.
ამავე წყაროს ცნობით, წალკის საჯარო სკოლებში ამ ეტაპზე 160 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
შესაძლოა მონაცემი შეიცვალოს რადგან, რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი, 20 ივლისიდან იწყება და 31 ივლისის ჩათვლითაა.
2026-2027 წლის სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 18 თებერვალს დაიწყო და რამდენიმე ეტაპს მოიცავდა.
ახლა პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესი დასრულების ეტაპზეა – სკოლებში ჩარიცხვა ხუთ ეტაპად განხორციელდება.
დარჩენილია ბოლო ეტაპი, რომლის ფარგლებში ბავშვების რეგისტრაცია თავისუფალ ადგილებზე იქნება შესაძლებელი.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გაიმართა. მეორე ეტაპზე რეგისტრაციის უფლებით ისარგებლეს კანონით განსაზღვრულმა პრიორიტეტულმა კატეგორიებმა, მათ შორის იმ ოჯახებმა, სადაც ბავშვის და-ძმა უკვე სწავლობს შესაბამის სკოლაში, ან მშობელი ამავე სკოლის თანამშრომელია.
მესამე ეტაპი ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას დაეთმო. ამ პერიოდში მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბავშვი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით განსაზღვრულ სკოლაში დაერეგისტრირებინათ. რეგისტრაციის ეტაპში ჩართული იყო 12 ქალაქი. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, რომლებიც სასკოლო უბნებად იყოფა და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გორი, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება.
საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია მეოთხე ეტაპზე, 15 ივნისს დაიწყო და 3 ივლისს დასრულდა. რეგისტრაცია ელექტრონულად,ის registration.emis.ge. სპეციალური პორტალის მეშვეობით განხორციელდა.
რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი 20-31 ივლისს გაიმართება. ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ბავშვების რეგისტრაცია, ასევე იმ შემთხვევების განხილვა, როდესაც მოსწავლე წინა ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდა ან სკოლის შეცვლა სურს.