წალკის წყალსაცავზე თევზჭერა აკრძალულია, შეზღუდვები გრძელდება და მისი დასრულების დრო ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაციას, გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამართველოს იურისტი გიორგი გურგენიძე გვაწვდის.ის ადასტურებს, რომ შეზღუდვები კვლავ მოქმედებს და თევზჭერა შეზღუდულია.
გიორგი გურგენიძე :ამ ეტაპზე კვლავ მოქმედებს შეზღუდვები, სპეციალისტების მითითების შესაბამისად. სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო და სხვა უწყებები ჩართულები არიან. სინჯები აღებულია. სინჯების და რეკომენდაციების შესაბამისად ჯერჯერობით კლავ შეზღუდულია თევზჭერა უშუალოდ წალკის წყალსაცავზე.
გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი არ ვზღუდავთ, ჩვენ დამოკიდებული ვართ შესაბამისი სპეციალისტების და ორგანოების რეკომენდაციებსა და მითითებებზე. სწორედ მათი მითთებით მოხდა ეს შეზღუდვა ამ დრომდე რაც მოქმედებს, როცა გვექნება მითითებები რომ ყველა გარემოება გარკვეულია და აღმოხვრილია ის რაც აფერხებდა თევზჭერას, შესაბამისად მოხდება თევზჭერის დაშვება. “
რა დაადგინეს უწყებებმა და რა კითხვები რჩება უპასუხოდ?
პასუხების ძიებაში ჩვენ საჯარო ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოდან, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტიდან და გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოვითხოვეთ. გვინდოდა გაგვერკვია, რამ დახოცა თევზი წალკის წყალსაცავში, მიღებული პასუხებიდან თევზის სიკვდილის ცალსახა მიზეზი კვლავ უცნობი რჩება.
დოკუმენტები, რომლებიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან, გარემოს ეროვნული სააგენტოდან და სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ ერთდროულად ადასტურებს სამ გარემოებას:
- წყალსაცავში ნამდვილად მოხდა თევზების მასობრივი დახოცვა;
- ლაბორატორიულად გამოვლინდა ბაქტერიული დაავადება — აერომონოზი;
- თუმცა არც ერთ უწყებას არ დაუდგენია თევზების სიკვდილის საბოლოო მიზეზი და რომ სწორედ ეს დაავადება გახდა თევზების სიკვდილის მიზეზი.
- აერომონოზი არის ინფექციური ბაქტერიული დაავადება, რომელიც ძირითადად მტკნარი წყლის თევზებს აზიანებს. დაავადებას იწვევს Aeromonas-ის გვარის ბაქტერიები და ხასიათდება კანის დაზიანებით, წყლულების წარმოქმნით, სისხლჩაქცევებით, ფარფლების ლპობითა და მძიმე შემთხვევებში თევზის მასობრივი დაღუპვით.
დავიწყოთ თავიდან და აღვადგინოთ ქრონოლოგიურად როდის დაიხოცა თევზი წყალსაცავში.

წალკის წყალსაცავში თევზის მასიურ დახოცვაზე ჩვენმა რედაქციამ კადრები 11 ივნისს გადაიღო. 5 ივნისს სურსათის ეროვნულ საააგენტოს თევზის სინჯები უკვე აღებული ჰქონდა. რომელიც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შემდგომი
კვლევის მიზნით გადააგზავნა.
ინფორმაცია ჩვენმა რედაქციამ 28 ივლისს მიიღო. ინფორმაცია უწყებიდან 3 ივლისს გამოვითხოვეთ.
თევზების მასობრივი დახოცვიდან თითქმის ერთი თვის თავზე, 3 ივლისს წალკის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია ტბაზე კარანტის გამოცხადების შესახებ. ამ საჯარო განცხადებას წინუძღვოდა, ერთი დღით ადრე, ჩვენი რედაქციის მიერ მოპოვებული და გავრცლებული ინფორმაცია შეზღუდვების შესახებ. ტბაზე კარანტინის დაწესების თაობაზე, ჩვენ ინფორმაცია გარემოს ზედამხედველობის დეპატამენტის ცხელ ხაზზე მოგვაწოდეს. ეს იყო ინფორმაციის მოპოვების და ხალხისათვის მიწოდების ერთადერთი ფორმა, რადგანაც შესაბამისი სამთავრობო უწყებები, ტრადიციული მეთოდებით მედიას და საზოგადოებას შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას არ აძლევდნენ.
წალკის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, კარანტინის მიზეზად თევზის ინფექციური დაავადების აერომონოზის გავრცლების პრევენცია სახელდებოდა:
,,თევზის ინფექციური დაავადების აერომონოზის გავრცლების პრევენციის მიზნით, კარანტინის პერიოდში მოქალაქეებს ეკრძალებათ თევზაობა, ნებისმიერი სახის თევზის გატანა კარანტინის ზონიდან; დახოცილი ან დაავადებული თევზის შეგროვება და საკვებად გამოყენება. დაავადებული თევზის რეალიზაცია ან გავრცელება. კარანტინი მოქმედებს წალკის წყალსაცავსა და მდინარე ქციის შესაბამის მონაკვეთებზე”- წალკის მერია მოსახლეობას აფრთხილებდა.”
კარანტინის გამოცხადებამდე, დახოცილი თევზი დღეების განმავლობაში ეყარა ნაპირზე. გარემოსდამცველები დახოცილი თევზის მოგროვებას და დაწვას ითხოვდნენ, თუმცა, ვიდრე უწყებები არკვევდნენ რა ექნათ, წალკაში მოსულმა წვიმამ და ტბის წყლის მომატებამ, თევზი ისევ ტბაში დააბრუნა, ზოგი ფრინველებმა და მიუსაფარმა ცხოველებმა შეჭამეს.

რა აჩვენა წყლის ლაბორატორიულმა კვლევამ
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 12 ივნისს აღებული წყლის სამი სინჯის კვლევა 27 ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრსა და 14 პესტიციდს მოიცავდა. შედეგების მიხედვით, სამივე სინჯში ამონიუმის იონის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას აღემატებოდა, ერთ ლოკაციაზე კი E.Coli-ის მაჩვენებელიც ნორმაზე მაღალი აღმოჩნდა. კერძოდ, ტბეთის მიმდებარე სინჯში ამონიუმის კონცენტრაცია ნორმას სამჯერ, ხოლო E.Coli ორჯერ აჭარბებდა. პესტიციდების შემცველობა, ამავე წყაროს ცნობით, ყველა სინჯში ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა. სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაჭარბებები სხვა წყალსატევებშიც პერიოდულად ფიქსირდება და მათი შეფასებით, ისინი სავარაუდოდ ნაკლებად განაპირობებს თევზებზე ზემოქმედებას.
სხვა სიტყვებით, გარემოს ეროვნული სააგენტო წყლის ხარისხში პრობლემებს ხედავს, მაგრამ მათ თევზების მასობრივი სიკვდილის მთავარ მიზეზად არ მიიჩნევს.

დაავადება, რომელიც ბუნებრივადაც გვხვდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეტყობინების მიღების შემდეგ თევზის ნიმუშები სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაიგზავნა და კვლევის შედეგად გამოვლინდა ბაქტერიული დაავადება – აერომონოზი.
სააგენტო განმარტავს, რომ ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერიები ბუნებრივად გვხვდება წყლის ეკოსისტემებში, ხოლო დაავადების განვითარებას, როგორც წესი, ხელს უწყობს სხვადასხვა სტრესული ფაქტორის ერთობლიობა: ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების ცვლილება, უხვი ნალექები, ქვირითობის პერიოდი და სხვა გარემო პირობები.
სააგენტო პირდაპირ აცხადებს, რომ არსებული მონაცემებით რომელიმე ერთი კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა რთულია და თევზების დახოცვა შესაძლოა რამდენიმე ფაქტორის ერთობლივი ზემოქმედების შედეგი იყოს. ასევე აღნიშნულია, რომ დახოცილი თევზების უმეტესობა კობრისებრთა ოჯახს, კერძოდ კარჩხანას, მიეკუთვნებოდა, ხოლო მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა ფიზიკურად შეუძლებელია.
აერომონოზი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

შეზღუდვები წყალსაცავზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს 26 ივნისის წერილით რეკომენდებული იყო:
– მკვდარი თევზის ამოღება და უსაფრთხო განადგურება;
– წყალსაცავში და წყალსაცავიდან თევზის შეყვანისა და გადაყვანის აკრძალვა;
– სამოყვარულო და სამრეწველო თევზჭერის დროებითი აკრძალვა;
– გამოყენებული ტექნიკისა და ინვენტარის დეზინფექცია;
– წყლის ხარისხის პერიოდული კონტროლი;
– სხვადასხვა უბნიდან თევზის ნიმუშების რეგულარული აღება და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;
– ასევე შესრულებული ღონისძიებების დოკუმენტირება.
ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იღებული გეგმა-გრაფიკი კიდევ უფრო დეტალურად განსაზღვრავდა პასუხისმგებელ პირებსა და შესრულების რეკომენდაციებს
დოკუმენტი ითვალისწინებდა სანაპირო ზოლზე მკვდარი თევზების არარსებობის კონტროლს, თევზის გადაადგილების ფაქტების პრევენციას, თევზჭერის ფაქტების მონიტორინგს, წყლის ხარისხის მუდმივ აღრიცხვას, პერიოდულ ლაბორატორიულ კვლევებს, ადგილობრივი მოსახლეობისა და მეთევზეების ინფორმირებას და ყველა ღონისძიების დოკუმენტურ აღრიცხვას.

რატომ აიკრძალა თევზჭერა?
რა იყო თევზების მასობრივი სიკვდილის უშუალო მიზეზი?
რამდენ ხანს მოქმედებდა თევზჭერის აკრძალვა და რა კრიტერიუმებით მოიხსება?
რამდენად ეფექტიანად შესრულდა ლიცენზიანტისთვის დაკისრებული ღონისძიებები?
ჩვენ ტბის ლიცენზიანტს ვკითხეთ, შეასრულა თუ არა ვალდებულებები? ზვიად ჯიქია მედიასთან საუბრისგან თავს იკავბს. თუმცა გვიდასტურებს რომ ტბაზე ახლა შეზღუდვებია.
დღემდე უცნობია რა რაოდენობის თევზი დაიხოცა
სახელმწიფო უწყებებს დღემდე არ აქვთ მონაცემი, რა ოდენობის თევზი დაიხოცა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, წყალსაცავის მასშტაბისა და ბუნებრივი პროცესების: დინებების, ბიომასის ჩაძირვისა და მტაცებლების ზემოქმედების გამო დახოცილი თევზის ზუსტი რაოდენობის დადგენა ფიზიკურად შეუძლებელია.

რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას დღემდე არ აქვს ინფორმაცია ეკოლოგიური ზიანის რეალური მასშტაბის შესახებ.
ასევე, კვლავაც გაურკვეველია:
- იყო თუ არა აერომონოზი სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი, თუ მხოლოდ თანმდევი ფაქტორი?
- რა როლი ითამაშა წყლის ხარისხის გაუარესებამ?
- რატომ დაფიქსირდა ამონიუმისა და E.Coli-ის გადაჭარბებული მაჩვენებლები?
წალკელები ამბობენ რომ მსგავსი რაოდენობის თევზის დახოცვა მათ არ ახსოვთ.

ამ ეტაპზე წყალსაცავზე არავინ თევზაობს. ყველა სახელმწიფო უწყებების დასკვნის მოლოდინშია – მით უფრო მაშინ, როცა ადგილობრივებისთვის, წყალსაცავზე მოპოვებული თევზი, მათი შემოსავლის წყაროა.
Tags: კარანტინი, წალკის წყალსაცავი