სასულიერო პირების შესაძლო დაპირისპირება, რომელშიც ზარზმის ყოფილი წინამძღვარი ფიგურირებს

August 26, 2026

დაუპირისპირდნენ თუ არა ერთმანეთს ზარზმის აწ უკვე ყოფილი წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაძე და ერთ-ერთი სასულიერო პირი? – ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 30 ივლისს, ახალციხე-ვალეს გზის მონაკვეთზე, გეწაძესა და ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. წყაროს თქმით, სასულიერო პირები ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და, სავარაუდოდ, ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების ამსახველი ვიდეო ჩვენს წყაროს არ აქვს, თუმცა მისი თქმით, შემთხვევა რამდენიმე ადამიანმა დაინახა.

“30 ივლისს დაახლოებით 13:00-16:00 საათის შუალედში ახალციხე ვალეს გადასახვევთან ეგრეთწოდებულ ლიანდაგებთან გაჩერებაზე ნიკოლოზ გეწაძე,  სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეჩხუბებოდა  ვიღაც სასულიერო პირს. დიდი ალბათობით, ახლომახლო მდებარე მონასტრის მღვდელთმსახურს, მოურიდებლად და თავზეხელაღებულად ისმოდა მათი გინება და დიდი ალბათობით ფიზიკური კონტაქტიც იყო შუა გზაზე გაჩერებასთან მანქანაში,ბევრმა ადამიანმა შეამჩნია,” – გვწერს ჩვენი წყარო.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მალევე, იგივე ცნობები, სავარაუდო დაპირისპირების შესახებ სოციალურ ქსელში პეტრე კოლხმაც გაავრცელა. მისი თქმით, მანამდე ნიკოლოზ გეწაძეს ვალეს ეკლესიის წინამძღვარ, არქიმანდრიტ იობთან, სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა. პეტრე კოლხის ინფორმაციით, მხარეებმა შერიგება სცადეს, თუმცა შეხვედრა კვლავ სიტყვიერ და შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მისივე თქმით, მხარეები ახალციხის მიტროპოლიტმა თეოდორემ “შეარიგა.”

“მანამდე ვალეს ეკლესიის წინამძღვართან არქიმანდრიტ იობთან მოსვლია შეხლა-შემოხლა. ლანძღავდა თურმე, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აუგად იხსენიებდა ადამიანებთან. რის გამოც იობს მოუთხოვია მასთან შეხვედრა. თითქოს შეხვედრამ კარგად ჩაიარა და შენდობა სთხოვეს ერთმანეთს, მაგრამ დასრულების დროს არქიმანდრიტ ნიკოლოზს მიუმართავს არქიმანდრიტი იობისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაზეც იობს მწვავე რეაქცია ჰქონია და ყოფილა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც არ მოუთმენია ნიკოლოზს და ყოფილა ფიზიკური დაპირისპირებაც,” – ამბობს პეტრე კოლხი.

სავარაუდო დაპირისპირების სავარაუდო მიზეზის გასაგებად პეტრე კოლხსაც დავულავშირდით. მან გვითხრა, რომ ინფორმაცია რასაც ფლობდა საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.

ჩვენი რედაქცია ცდილობს არქიმანდრიტ იობთან დაკავშირებას. ჩვენს ზარებს არ პასუხობენ არც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ნიკოლოზ გეწაძეს დავუკავშირდით. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ტელეფონი გათიშა და ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. კომენტარის მიღება ვცადეთ მიტროპოლიტ თეოდორესგანაც, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

აქვთ თუ არა ინფორმაცია სავარაუდო დაპირისპირების შესახებ? – შსს-ში გვეუბნებიან, რომ მსგავსი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ნიკოლოზ გეწაძის შესახებ ბოლო პერიოდში არაერთი საჯარო ბრალდება გავრცელდა. გასულ წელს მრევლის ნაწილმა ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რასაც გეწაძე ჩვენთან ინტერვიუში უარყოფდა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ამ დრომდე დადასტურებული არ არის და სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ის ბრალდებას აღიარებს.

გეწაძეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მღვდელმსახურების უფლება შეჩერებული ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით საპატრიარქომ ჩვენს რედაქციას დაუდასტურა, რომ მას მსახურების უფლება აღუდგა. ამჟამად, საპატრიარქოს ინფორმაციით, ნიკოლოზ გეწაძე ქვაბიჯვრის მონასტერში იმყოფება.

ამავე თემაზე: სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული წინამძღვრის საქმე – რეაგირებების ძიებაში