ოკუპირებული აფხაზეთი საარჩევნო პროცესში უცხოელთა ჩარევისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს, – ინფორმაციას “დემოკრატიის კვლევის ინსტიტური” (DRI) ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო. ცვლილებების მიხედვით, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ჩაერთვებიან საარჩევნო პროცესში ან კამპანიებში.
ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ პუნქტებს:
- პირდაპირი პასუხისმგებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობისთვის;
- სასჯელი ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც ხელს უწყობს ან აბრკოლებს არჩევნების ჩატარებას;
- საარჩევნო კამპანიებში უცხოური ძალების ან პირების მხრიდან ნებისმიერი ფორმის ჩარევისა და მატერიალური უზრუნველყოფის აკრძალვა.
კანონპროექტის მიღებას წინ უძღოდა პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც „აფხაზეთის გუნდის“ საარჩევნო კამპანიაში რუსი პოლიტტექნოლოგებისა და მედია კონსულტანტების მონაწილეობას მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მათ შორის კან კვარჩიამ, რუსი სპეციალისტები დააკავეს და დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს. მოგვიანებით, რუსეთის სასამართლომ კვარჩიას დაუსწრებლად 10,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ახალი რეგულაციით დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესში უცხოურ ჩარევას შეზღუდავს, თუმცა ცვლილებების რეალური პოლიტიკური მიზანი და მათი გავლენა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებზე კვლავ შეფასების საგანია.