ცხოვრება გამოსახლების შიშით- წალკა

September 4, 2026

 ეკომიგრანტების გასაჭირი 

ვაჟა გულბანი სოფელ ბარეთში 24 წელია  ცხოვრობს.  სტიქიის შედეგად დაზარალებული სვანეთიდან, სოფელ იფარიდან, საცხოვრებლად წალკაში  ოჯახთან ერთად  გადმოვიდა.  გულბანს  სახელმწიფომ  ეკომიგრანტის სტატუსი  კი მიანიჭა, თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემებით არც მიწა აქვს საკუთრებაში და არც სახლი. 

ჩვენ ბარეთში,  ვაჟა გულბანის  თხოვნით ჩავედით. 

ვაჟა გულბანი: წალკაში ოჯახთან ერთად 2003 წელს ჩამოვედი. ხალხისგან ვიცოდით რომ   ბერძნების მიერ მიტოვებული ბევრი სახლი იყო და  200- 300  დოლარად შეგეძლო შესახლებულიყავი. თანხას ამ სოფელში დარჩენილი ბერძენს ვუხდიდით და შეგვეძლო ცხოვრება. 

  • ჩვენ ეს სახლები შევუნარჩუნეთ, შევუნახეთ მათ.  უპატრონო სახლები იგრევა,ამ სოფელში ძალიან ბევრი სახლია დანგრეული.  ახლა მოუნდათ სახლები, რემონტი რომაა გაკეთებული. საშინელი პირობები იყო, სახლს სახურავი შევუცვალე, მიშენება გავაკეთე, სასმელი წყალი შემოვიყვანე.  სასმელი წყალი რომ შემომეყვანა  სამი ძროხის გაყიდვა მომიწია.  ძალიან რთული იყო  თავიდან აქ ცხოვრება, სომხები, ბერძნები, აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ და ძალიან გაგვიჭირდა თავიდან, სულ კონფლიქტი და კამათი გვქონდა, დაძაბული ურთიერთობები იყო სულ. “

ვაჟა გულბანის თქმით, ეს მეორე სახლია, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს.  ამ სახლში ცხოვრების უფლება, თავად ბერძენმა მეპატრონემ მისცა.

 საცხოვრებელი სახლი, სადაც პირველად შესახლდა  ბერძენი მეპატრონის თხოვნით დაცალა. 

,, მესაკუთრე ითხოვს ფულს 25 ათასი დოლარს ეს სახლი რომ შევისყიდო. მე რითი ვიყიდო?  სახლემწიფო სახლის შესყიდვაზე უარს უკვე მესამედ მეუბნევა.  მიზეზი არ ვიცი. სახლის მეპატრონე რომ ჩამოვიდეს და მითხრას დაცალეო, უნდა დავცალო, აბა რა ვქნა. არის რამე ისეთი რომ უარი ვუთხრა? არც მიწები გვაქვს საკუთრებაში.

გულბანი ამბობს, რომ ბოლო არჩევნების წინ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიწის საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაიწყო. 

ვაჟა გულბანი: შარშან, წინა საარჩევნოდ მოვიდნენ და მიწები აზომეს, სახელები ჩაიწერეს და თქვეს ეს შენია, ეს შენიაო. ოღონდ ხმა მიგვეცა და  ყველაფერზე თანახმა იყვნენ. ჩვენც დავეხარბეთ. დღემდე ბევრისთვის მიწა არავის მოუცია. 

  წალკის მუნიციპალიტეტისთვის წლებია დასახმარებლად აღარ მიმიმართავს. ამ სოფელში ბევრს შეუსყიდეს სახლები,მე დავრჩი, ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო.“

სოფელ ბარეთში გვიყვებიან რომ სოფელში , ბევრი ეკომიგრანტია, ვისაც სახლი საკუთრებაში არ აქვს, არც მიწის ნაკვეთს ფლობს და გაურკვეველ მდომარეობაში არიან.

ბარეთში, 15 აგვისტოს დღესასწაულის აღსანიშნვად ჩამოსული ეთნიკური ბერძნები, რომლებიც წლების წინ იძულებული გახდნენ სხვადასხვა მიზეზით წალკა დაეტოვებინათ, ჩვენთან ამბობენ, რომ საცხოვრებლებში უკანონოდ შესახლებული პირების საკითხი  სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს.

გვიყვებიან, რომ საკუთარი სახლების გამართვას და მის გამოყენებას აპირებენ.  თუმცა ჩვენთან  საუბარში ასევე ხაზგასმით ამბობენ, რომ  ქართველებთან მეგობრობა და კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურთ. 

 რას სთავაზობს სახელმწიფო ეკომიგრანტებს,  როგორ ხდება მათთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვა, რამდენი ეკომიგრანტია წალკაში და რამდენი მათგანის დაკმაყოფილება მოხდა საცხოვრებელი სახლით  ან მიწის ნაკვეთით.  ამ კითხვებზე პასუხს ჩვენი  რედაქცია დღემდე ელის.

რამდენი ეკომიგრანტი (სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი) ცხოვრობს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2025–2026 წლების მდგომარეობით? რა სახის დახმარებას უწევს წალკის მუნიციპალიტეტი ეკომიგრანტ ოჯახებს ? – შეკითხვებით წალკის მუნიცილიტეტის მერიას 31 ივლისს წერილობით მივმართეთ. ჩვენი რედაქცია პასუხს ელის. 

ჩვენ ასევე გვაინტერესებდა:  ჰყავს თუ არა წალკის მუნიციპალიტეტს აღრიცხვაზე ისეთი ოჯახები, რომლებიც ფაქტობრივად წარმოადგენენ სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებულ პირებს, თუმცა, არ ფლობენ ეკომიგრანტის ოფიციალურ სტატუსს და რა სახის დახმარებას ან მხარდაჭერას სთავაზობს მუნიციპალიტეტი იმ უსტატუსო ეკომიგრანტ ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ სხვის საკუთრებაში  ( ძირითადად ბერძნების) არსებულ საცხოვრებელ სახლებში და არსებობს მათი გამოსახლების საფრთხე? და აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს შემუშავებული რაიმე მექანიზმი, პროგრამა ან სამოქმედო გეგმა იმ უსტატუსო ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც ემუქრებათ უსახლკაროდ დარჩენის რისკი?

  ჩვენ კითხვებით მივმართეთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 11 აგვისტოს. ამ ეტაპზე პასუხი არცერთი უწყებიდან არ მიგვიღია. 

Tags: ,